აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:”ჩემი საფესტივალო შთაბეჭდილებების კიდევ ერთი ფრაგმენტი: სასტუმროში მივბრუნდი და მგზავრობითა და შთაბეჭდილებებით გადაღლილს კი არ ჩამეძინა, რაღაცნაირად უცებ გავითიშე. ძილიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, გაუცნობიერებლად დავწვდი ყურმილს და იქიდან რუსულად ნათქვამი, რამდენიმე მკაცრი ფრაზა შემომესმა: ,,სასწრაფოდ აიღეთ ყველაზე აუცილებელი ნივთები და ქვემოთ ჩამობრძანდით! შენობაში ბომბია!“ თავიდან ვეღარ გავიხსენე სად ვიყავი, უცებ ვერც იმას მივხვდი, ან რუსულად რატომ მაფრთხილებდნენ ან რა ბომბზე იყო ლაპარაკი. მეგონა, სიზმარში ვიყავი და ჩვენი 90-იანები მესიზმრებოდა! მერე როცა გავიაზრე, რაც მითხრეს, რაღაცნაირად უცებ გამოვფხიზლდი. ჩანთას ხელი დავავლე და ქვემოთ ჩამოვქანდი.
,,სამშვიდობოს გაღწეულმა“ პირველ რიგში ბათუ დანელია მოვისაკლისე. ვიცოდი, რომ ბათუ ჩემამდე ერთი დღით ადრე ჩაერთო საფესტივალო მარათონში და ახლა, წესით, ამავე სასტუმროში უნდა ყოფილიყო დაბინავებული. ეს რომ გავიფიქრე, ისევ სასტუმროს შენობაში ვდურთე თავი, პოლიციელების კორდონი გავარღვიე და კიბეებს პირველი სართულისაკენ ავუყევი. თან ბედად, არც ის ვიცოდი, რომელ ოთახში იყო ბათუ, მაგრამ ვიფიქრე, ყველა ოთახის კარზე დავაკაკუნებ და მოვძებნი-მეთქი. რამდენიმე პოლიციელი დამეწია და გამაკავა: სად მიდიხართ?! არ შეიძლება! – უკან მიბიძგეს. მე ვეუბნები: ბათუ! იქ ქართველი პოეტია, ბათუ დანელია, იმის საძებნელად მივდივარ! რა ბათუ?- მეუბნება პოლიციელი, ბათუ კი არა, იქ ბომბია! საშიშია! – სასტუმროს გარეთ ძალისძალით გამაფხოწიალეს და მეც ბედს შევურიგდი.
ცოტა ხანში ბათუც გამოჩნდა: შეწუხებული ჩანდა და დაღლილს პირზე ხვითქი გადასდიოდა. თურმე ის ჩემამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩასულა ქვემოთ. იმასაც ასევე გახსენებია, რომ რომელიღაც ნომერში მე ვცხოვრობდი, უკან შებრუნებულა და ჩემი ძებნა დაუწყია, სართულებზე ურბენია, ,,გიორგი,გიორგის!“ ძახილით და ახლა შეწუხებული მოდიოდა, რომ ვერსად მიმაკვლია.
ჩემი გულის აჩუყება ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ამბავმა თითქმის ისე იმოქმედა, როგორც ,,ჯარისკაცის მამის“ ფინალი მოქმედებს ხოლმე ჩემზე, რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო. საბედნიეროდ, განგაში ცრუ გამოდგა და ბომბს, რა თქმა უნდა, სასტუმროში ვერსად მიაკვლიეს. სამაგიეროდ, მე და ბათუ დავსხედით, იქვე კაფეში და ყავით მოვიფხიზლეთ. ვუყურებდი ამ დიდებულ ადამიანს და ვფიქრობდი: სამწუხაროდ, რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ პოეტის პირადად გაცნობას ადამიანი სასტიკად ინანებ, ფიქრობ: არ მერჩია მხოლოდ ლექსებით მცოდნოდა და პირისპირ კი არასდროს მენახაო. ბათუ დანელია კი სრულიად საპირისპირო შემთხვევაა: ქართული ლექსის ნამდვილი დიდოსტატი ისეთივე დიდი ადამიანია, როგორი პოეტიც არის: ნაღდი, უღალატო, ბავშვივით ალალი და უწესიერესი!”

