„შეგინის“ გამშვებ პუნქტზე პოლონელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გაატარეს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.
სამაგიეროდ, უკრაინელები სააკაშვილს, იულია ტიმოშენკოსა და მათ თანმხლებ უკრაინელ დეპუტატებს საზღვარზე არ უშვებენ. სასაზღვრო პუნქტთან მათ განუცხადეს, რომ უკრაინის საზღვარი დანაღმულია და უსაფრთხოების გამო საზღვარზე ვერც ავტომობილით და ვერც ფეხით ვერავის გაატარებენ.
ამ განცხადებას და სააკაშვილი და მისი თანმხლები პირები სიცილით და ტაშით შეხვდნენ.
უკრაინელმა დეპუტატებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს მოსთხოვეს, წარმოადგინოს ის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საზღვრის ჩაკეტვა, რაზედაც მან განაცხადა, რომ შეგინის მიმართულებით ლვოვიდან გამოსულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველა დოკუმენტს წარმოადგენს და ვითარებას გაარკვევს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს პრეტენზია მესაზღვრეებთან, რომლებიც ბრძანებას ასრულებენ, არამედ იმ პირებთან, ვინც ეს უაზრო ბრძანება გასცა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს სიტუაციის დაძაბვას და აცხადებს, რომ იგი უკრაინაში აუცილებლად შევა.
კომენტარი გააკეთა იულია ტიმოშენკომაც, რომელმაც უკრაინის საზღვრის დაკეტვას მოგონილი მიზეზით, თითქოს საზღვარი დანაღმულია, სულელური უწოდა.
ნიუპოსტი

