სოსო შატბერაშვილი: „ამომრჩეველს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც ნაციონალური მოძრაობა“

სოსო შატბერაშვილი: „ამომრჩეველს არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც ნაციონალური მოძრაობა“აქტუალურ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს.

– მთელი რიგი გარემოებების გამო ხელისუფლების ოპონენტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დღის წესრიგში დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი..

– რაც პოლიტიკაში ვარ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სულ მესმის. ეს აქტუალური იყო გამსახურდიას და შევარდნაძის მმართველობის დროსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მოთხოვნა მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში უნდა დადგეს. ასე ვითარება შეიქმნა 2008 წლის ომის დროს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც სწორედ მაშინ მოვითხოვეთ. სააკაშვილის ხელისუფლებამ და მისმა პარლამენტმა კაპიტულანტურად წააგო ის ომი, საქართველოს ძირძველი ტერიტორიები კი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

– ამჟამად ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უადგილო იქნება?

– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ამ ეტაპზე საფუძველი არ არსებობს. პრობლემების მიუხედავად, ეს ამ ეტაპზე არარეალური და მიუღებელია. საზოგადოების ნაწილი და პოლიტიკური ჯგუფები აწყობენ სხვადასხვა საპროტესტო აქციას. მაგალითად, სემეკის შენობასთან, პარლამენტთან.

საკანონმდებლო ორგანოსთან შიმშილობის აქციაც მიმდინარეობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რიგგარეშე არჩევნები მომწიფდა და ამ პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების ვადა არ უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, რა აზრი აქვს ვადამდელ არჩევნებს, თუ მომავალ პარლამენტში ისევ „ქართული ოცნება“ მოვა საკონსტიტუციო უმრავლესობით?

– ადგილობრივ არჩევნებზეც იგივე სიტუაცია გვექნება?

– დიახ, მიუხედავად ხალხის დიდი უკმაყოფილებისა. ბოლო დროს თითქმის მთელი დასავლეთი საქართველო მოვიარე, უამრავ ადამიანს შევხვდი. რეგიონებში ტრადიციულად ერიდებიან ხოლმე ხელისუფლების კრიტიკას. ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვა. ადამიანები „ქართულ ოცნებას“ ლანძღავენ შეუსრულებელი დაპირებების გამო. ბათუმელები ამაყობენ ბოლო წლებში აშენებული შენობა-ნაგებობებით, მაგრამ მათ ნაციონალური მოძრაობის სახელის გაგონებაც არ უნდათ.

აჭარაში იმას ჩივიან, რომ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოურიგა 40.000 თურქს. ამ უცხო ხალხს ბათუმის მერადაც თურქი უნდა. ბათუმის საკრებულოში ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი ვარ და სხვა ბათუმელების განწყობა კარგად ვიცი.

– ამ სიტუაციაში ყველაზე მეტი შანსი ყველა რეგიონში ისევ `ქართულ ოცნებას~ აქვს?

– ხალხს არც „ქართული ოცნება“ უნდა, არც _ ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, ფავორიტად რჩება მმართველი პარტია თავისი კანდიდატებით. ნაციონალებს თბილისის მერის არჩევნებში წარმატების იმედი აქვთ, რაც აბსურდია. ეს პარტია ისეა დისკრედიტირებული, რომ არაფერი უშველის. „ევროპული საქართველოც„ სახელგატეხილია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ თბილისელები გამოხატავენ სიმპათიას ამ პარტიის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მიმართ.

– თბილისის მერობის რომელიმე კანდიდატს მხარს უჭერთ?

– მემარცხენე ალიანსი არც ერთ კანდიდატს არ უპირისპირდება, არჩევანის გაკეთებას კი მოსახლეობას ვანდობთ. ნაციონალებისა და მისგან გამოყოფილი პარტიების გარდა, სხვა ოპოზიცია რომ გავერთიანებულიყავით და მერობის ერთიანი კანდიდატი დაგვეყენებინა, გამარჯვებას მივაღწევდით. ახლა ოპოზიცია ერთმანეთს ხმებს ართმევს.

– ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პარტიებმა მოახერხეს საარჩევნოდ გაერთიანება.

– ეს საკმარისი არა არის. წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, დემოკრატიული მოძრაობის გვერდით ერთ ბლოკში მემარცხენე ალიანსი, ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“, აკაკი ასათიანის „ტრადიციონალისტთა კავშირი“ ვიყავით გაერთიანებული. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ეს ბლოკი უნდა გაეზარდა. კარგი იყო, მას შემომატებოდა კახა კუკავა. საუბედუროდ, დიდი გაერთიანება ვერ შედგა. ოპოზიცია დაქსაქსულია.

– ოპოზიცია ერთიანობას იჩენს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხში. საარჩევნო მუხლები ისევ დიდი განხეთქილების საგანია მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

– ინტერპარტიულ ჯგუფში ნაციონალური მოძრაობის შემოსვლის შემდეგ ჩვენ ამ ორგანიზაციას ჩამოვშორდით. ჩვენი მთავარი საარჩევნო მოთხოვნა უცვლელია _ ქართული პოლიტიკისათვის დამანგრეველი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება. ოპოზიციამ შედეგს ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ მიაღწია _ მან წინა პლანზე დააყენა პრეზიდენტის არჩევის წესი.

– მაჟორიტარული სისტემის 2020 წლის არჩევნებისათვის გაუქმების მოთხოვნაც ხომ არსებობს?

– ეს მთავარი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს საკითხი პრეზიდენტის წესის არჩევის შესახებ უაზრო კამათში ჩაიკარგა.

– რატომ თვლით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უმნიშვნელოა?

– პრეზიდენტს საქართველოში უფლებები მკვეთრად შეეზღუდა. პრეზიდენტის ინსტიტუტი ისე გარდაიქმნა, რომ გინდა ჰყოლია ქვეყანას პრეზიდენტი, გინდა არა. პირდაპირ ავირჩევთ მას თუ ირიბად, ამით რა წყდება? მთავარი საკითხის უკან გადაწევა და პრეზიდენტის არჩევნების მთავარ თემად ქცევა ნაციონალების ნამოქმედარია. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც არჩევნების საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში გველივით დაიბუდა ნაცმოძრაობამ.