მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ვერ შედგა შეთანხმება კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც არჩევნებს ეხება. ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილს.
სოსო შატბერაშვილი:
– ხელისუფლებასა და ინტერპარტიულ ჯგუფს შორის კონსენსუსი მიღწეული არ არის. ისევ ვერ იცვლება საარჩევნო სისტემა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე მოქმედი შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული წესით გაიმართება.
მაჟორიტარულ არჩევნებზე უარის თქმისკენ “ქართულ ოცნებას” 5 წელიწადია, მოვუწოდებთ. ინტერპარტიულ ჯგუფში ადრე ჩვენი პარტიაც იყო გაერთიანებული. ამ ჯგუფმა არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტი რამდენიმე წლის წინ წარუდგინა ხელისუფლებას, ვენეციის კომისიასა და უცხოელ ელჩებს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარე უსუფაშვილსა და პრემიერ ღარიბაშვილს. ამ საკითხზე ჩვენ პრეზიდენტი მარგველაშვილი შეგვხვდა. “ქართული ოცნება” გვეუბნებოდა, პარლამენტში მრავალპარტიული კოალიციით ვართ წარმოდგენილი, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას კოალიციაში ყველა არ ეთანხმებაო. “ოცნების” ლიდერები გვპირდებოდნენ, რომ თუ 2016 წელს პარლამენტში მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, მაჟორიტარულ არჩევნებს წერტილი დაესმებოდა. ეს შეპირება არ შესრულდა.
– 2024 წლის არჩევნებისთვის უქმდება მაჟორიტარული არჩევნები.
– ეს ძალიან შორია. არ ვიცით, მანამდე რა მოხდება.
– მმართველი პარტია და ოპოზიცია ამ საკითხზე შეუთანხმებლობას ერთმანეთს აბრალებენ.
– ინტერპარტიულ ჯგუფში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა, ჩვენც ვიყავით გაერთიანებული. ეს ჯგუფი იმიტომ დავტოვეთ, რომ მასში შემოვიდა ნაციონალური მოძრაობა. შემდეგ მას დაემატნენ ნაცმოძრაობიდან გამოყოფილი ძალები. ამის გამო ამ ფორმატში მონაწილეობა შეუძლებლად მიგვაჩნია. ინტერპარტიულ ჯგუფში სიტუაცია მაშინ აირია, როცა იქ ნაციონალური მოძრაობა გაჩნდა.
– მიანიშნებთ იმაზე, რომ შეუთანხმებლობა საარჩევნო საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციის ბრალია?
– ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციული ძალა და ტერორისტული პარტიაა. ის ყველგან დესტრუქციულია. გამონაკლისი არც ინტერპარტიული ჯგუფია. გასაკვირია, რომ მას შეთანხმება ჩაეშალა? ეს პარტია ხოცავდა ხალხს ქუჩებში და ათასგვარ სისაძაგლეს კადრულობდა. ვენეციის კომისიამ და ჯანი ბუკიკიომ ვერაფერს მიაღწიეს. ბუკიკიოს ადრეც უთქვამს, რომ ის მხოლოდ რეკომენდატორია. ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც აწყობდა ნაციონალურ მოძრაობას. საუბედუროდ, მისი კოაბიტაცია “ქართულ ოცნებასთან” გრძელდება. ბოლო დროს ეს კოაბიტაცია გაფართოვდა და ნაცმოძრაობიდან გამოსული პარტიები მოიცვა.
– იქმნება პირობები, რომელიც ხელსაყრელია მმართველი პარტიის, ნაცმოძრაობისა და მისი განაყოფებისათვის?
– ასეა. ამ ძალებს პარლამენტში მრავალპარტიულობა არ სჭირდებათ.

