პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, უკრაინაში სააკაშვილის მონაწილეობით პოლიტიკური პროცესი დასრულდა?
– არა, ჯერჯერობით არ დასრულებულა. მეტიც, საპროტესტო პირობები დღითიდღე მწიფდება და ძალას იკრებს. “მაიდანის” შემდეგ სულ სხვა უკრაინას ელოდა რიგითი უკრაინელი. პოროშენკო არ გამოდგა ეროვნული გმირი. სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოკლე დროით, მაგრამ პოპულარული იყო. პოროშენკო საერთოდ არ ყოფილა პოპულარული. ცხადია, ამ ყველაფერს სააკაშვილი სათავისოდ იყენებს. ვერაფერი გააკეთა პორეშენკომ, იგივე ოლიგარქები, იგივე ცხოვრების დონე და, რაც მთავარია, დაკარგულია დონბასი, უკრაინის სამრეწველო გული.
– ამ ფონზე როგორია სააკაშვილის გეგმები?
– კი ამბობს, რომ მას პრეზიდენტობა არ უნდა, პირველი კაცობა არ უნდა, მაგრამ მისი ბუნება მეორე კაცობას, ჩრდილში ყოფნას ვერ იტანს. ეს კარგად უნდა სცოდნოდა მის ჯგუფელ თუ კურსელ პოროშენკოს, ვინაიდან კარგად იცნობს ახალგაზრდობიდანვე.
სააკაშვილი იმ პროცესის დეტონატორად იქცა, რომელიც უკრაინაში ღვიოდა. მე ვფიქრობ, ისევ იულია ტიმოშენკო და სხვა ოპოზიციის პოპულარული ლიდერები გაერთიანდებიან. ამის შანსი უფრო არის დღეს უკრაინაში, ვიდრე საქართველოში. სწორი ქნა სააკაშვილმა, რომ ეს მოძრაობა დასავლეთ უკრაინაში დაიწყო, რადგან დასავლეთ უკრაინა ყოველთვის განსხვავდებოდა აღმოსავლეთ უკრაინისგან. თანაც კარგად იცნობს უკრაინელ ხალხს, ის უკრაინაში თავს გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
– ახალი “მაიდანი” არის შესაძლებელი?
– იმ მასშტაბის არა, რაც იყო. იანუკოვიჩი სხვა იყო, პოროშენკო კი სულ სხვაა. იანუკოვიჩის ზურგს უკან რუსეთი იდგა, დღევანდელი პრეზიდენტის უკან კი დასავლეთი დგას. მე არ მჯერა, რომ პოროშენკო ახალი ერდოღანი გახდება და მასობრივი დაპატიმრებები დაიწყება, ეს გამორიცხულია.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა რაც ვერ შეძლო ოდესის ოლქის გუბერნატორობით, ახლა სწორედ მეამბოხე ოპოზიციონერის ამპლუით აპირებს?
– ერთია გუბერნატორი, რომელიც მაინც სისტემის წარმომადგენელია ფორმალურად და მეორეა, იყო ოპოზიციონერი.
– სისტემის შეცვლა არ შეეძლო?
– არა, გუბერნატორი სისტემას ვერ შეცვლის. გუბერნატორს შეუძლია შეებრძოლოს სისტემას, ამხილოს სისტემა. მართალია. მან გუბერნატორობა წარუმატებლად დაასრულა, მაგრამ მისთვის ბოლომდე წარუმატებელი მაინც არ ყოფილა, რადგან პოპულარობა, რომლითაც დღეს სარგებლობს, სწორედ ოდესის გუბერნატორობით მოიპოვა, სწორედ ამ დროს გააცნო უკრაინელ ხალხს თავისი თავი.
პოლიტიკურად ერთი მთავარი რამ შეძლო სააკაშვილმა: დასავლეთის თვალში ის არის კორუფციასთან დაუძინებლად მებრძოლი. პოსტსაბჭოური სისტემის ყველაზე საშიში გადმონაშთი არის კორუფცია და ნეპოტიზმი. მეორე, უკრაინის თვალში სააკაშვილი არის ნომერ პირველი მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინელები პოროშენკოს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლად არც აღიქვამენ, მეტიც, მთელ რუსეთს შოკოლადით კვებავო, აძახებენ.
– ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კი აქვს საქართველოს ექსტრადირების მოთხოვნა გაგზავნილი, მაგრამ გადმოცემა არაფერში აწყობს ჩვენს ხელისუფლებას. ეთანხმებით?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ პოროშენკომ მაინც მოიშოროს ეს თავის ტკივილი და თქვას, მე საქართველოს ხელისუფლებამ მომცა პირობა, რომ არ იქნება პოლიტიკური სასამართლო. გარდა ამისა, პოროშენკოს შეუძლია ევროპას უთხრას, საქართველო თქვენი კლიენტია, ევროკავშირში, ნატოში შესვლა უნდა, მოსთხოვეთ, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს და არა – პოლიტიკური.
წარმოიდგინეთ, თუ ეს სასამართლო შედგა, როგორი სასამართლო იქნება. შეიძლება ეს იყოს საქართველოს მასშტაბისთვის საუკუნის სასამართლო.
37 წელს ეს უფლება სტალინმაც კი ვერ გამოიყენა. კავშირის სვეტებიან დარბაზში ღია სასამართლო იყო. როგორი იყო ეს სასამართლო, გასაგებია, მაგრამ ფორმალურად ღია იყო. ამაზე ამერიკის ელჩმა საბჭოთა კავშირში დევისმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო საკუთარი თანხით. დევისი მილიონერი ბანკირი იყო და ეს ფული არ დაენანა, მაგრამ მოტყუვდა, ამ ფილმში ამ ღია სასამართლოზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც ჯერ ამერიკაში უჩვენა, შემდეგ – კრემლში.
ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან რთული პროცესია, რისკებთან არის დაკავშირებული. რამდენად გაუმკლავდება ჩვენი ხელისუფლება ამ რისკებს, რთული სათქმელია.
– სააკაშვილი არ ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე? პოროშენკომ თქვა, ასეთი ძალით საკუთარი სამშობლოს საზღვარი გაარღვიოსო.
– ჯერ არ ფიქრობს, ის ელოდება, საქართველოში როდის მიაღწევს სოციალური დუღილი თავის პიკს – როგორი იქნება ლარის ბედი, ტარიფები, პლუს პოლიტიკური ვითარება. ამ ყველაფერს ის უკრაინიდან ელოდება.

