კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის 29 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩში მონაწილეობით კანონი არ ირღვევა.
როგორც თალაკვაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული ღონისძიებისთვის ფეხბურთის ფედერაციის და სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსები არ იხარჯება.
მისივე თქმით, კალაძე მატჩში მონაწილეობის დროს და მონაწილეობის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის რაიმე ელემენტის გამოყენებას არ აპირებს.
– აქ ბიუჯეტის თანხები, რომელიც ფედერაციას ერიცხება, არ იხარჯება. ასევე ჩვენი კანდიდატი კახა კალაძე და ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას, წინასაარჩევნო კამპანიას და მის რაიმე ელემენტებს არ გამოიყენებს. შესაბამისად, ეს სავარაუდო უკმაყოფილება, რომელიც კალაძის საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოითქვა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ჩვენი საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, – განუცხადა“ინტერპრესნიუსს” არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში საქველმოქმედო მიზნით, საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოდიან.
– ეს მხარდაჭერა ეხება ბორჯომ-ხარაგაულის ტყის აღდგენას და მის განვითარებას” – დასძინა თალაკვაძემ.
როგორც ცნობილია, საია მიიჩნევს, რომ მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს.
ინტერპრესნიუსი

