თეა ქარდავა: ”სამეგრელოში მოსახლეობას დაჰპირდნენ, თუ „ოცნების“ შეკრებაზე მივიდოდნენ, თხილის კომპენსაციას მიიღებდნენ”

თეა ქარდავა: ”სამეგრელოში მოსახლეობას დაჰპირდნენ, თუ „ოცნების“ შეკრებაზე მივიდოდნენ, თხილის კომპენსაციას მიიღებდნენ”16 სექტემბერს ზუგდიდელ თეა ქარდავას მერობის კანდიდატ ლაშა გოგიასთან კითხვები ჰქონდა, რომლის დასმაც, როგორც ამბობს, ვერ მოახერხა.

კანდიდატი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენის შემდეგ მედიას აძლევდა კომენტარს, დასასრულს კი მოქალაქე შეეცადა მისთვის კითხვა დაესვა. პასუხად ლაშა გოგიამ განაცხადა – „კარგად ბრძანდებოდეთ“ და ტერიტორია დატოვა.
თეა ქარდავას ინფორმაციით, პარტიულ შეკრებაზე სოფლებიდან მოსახლეობის მობილიზება საგანგებოდ მოხდა. ეს ადამიანები გამგებლის წარმომადგენლებმა სოფლებში და სკოლის დირექტორებმა გააფრთხილეს, რომ თუ სურდათ თხილის ზარალის კომპენსაცია მიეღოთ, წარდგენის ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ:
– მე მსურდა მეკითხა ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატისთვის, თუ რა პირობას აძლევს ამ მოსახლეობას, დღეს აქ დასწრების შემდგომ მათზე კომპენსაცია გაიცემა? ვკითხე აქ რამდენიმეს ნარაზენიდან, კახათიდან, ასევე სხვა სოფლებიდან. ერთ-ერთის გვარიც მითხრეს, ნარაზენის გამგეობის თანამშრომლის – თოდუა, რომელიც ეუბნებოდა მოსახლეობას, თუ აქ არ მოვიდოდნენ, ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ, – აღნიშნა თეა ქარდავამ და დასძინა, რომ მას კითხვა პრემიერთანაც ჰქონდა.
ის აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელია. ასევე ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში წინა არჩევნებზე ოპოზიციური პარტიებიდან.
მმართველი პარტიის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურში მის ბრალდებებს სიცრუე და აბსურდი უწოდეს. აღნიშნეს, ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ისინი ამ უკმაყოფილებას ვერ დამალავდნენ.
– მიზანმიმართულად ხდება, იმიტომ, რომ ნახეს, რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. ბატონი ლაშა საუბრობდა ჟურნალისტებთან, ქალბატონ თეას კი ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მას, თუ რაღაც კითხვები აქვს, როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ასევე კარდაკარ შეხვედრებზე. ჩვენთანაც შეუძლია მოვიდეს და კითხოს. უშუალოდ თქვენც ხედავდით, ის ახდენდა პროვოცირებას ფაქტის და უშლიდა ხელს ჟურნალისტებთან საუბარში, – უთხრა „ლაივპრესს“ „ოცნების“ადგილბრივი საარჩევნო შტაბის პრესსამსახურმა პაატა ლაგვილავამ.
გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ზუგდიდში სამეგრელოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.

ლაივპრეს.გე