სამეგრელოს მედია ორგანიზაციის ჟურნალისტის, მალხაზ ბასილაიას ინფორმაციით, აქვს ჩანაწერები სადაც ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი (ზვიად) სიჭინავას კოორდინატორები მოქალაქეებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რადგან კახა კალაძის „კადრია“.
ჟურნალისტმა დომენტი სიჭინავას საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა კოლხეთის უბანში სადაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატად ირაკლი (გუგა) ლაგვილავაა წარდგენილი.
ბასიალაიას განმარტებით, კოორდინატორები უბნის მცხოვრებლებს ურჩევენ, მაჟორიტარის შემთხვევაში არჩევანი გააკეთონ ირაკლი ლაგვილავაზე, ხოლო მერობის კანდიდატის შემთხვევაში – დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრირებულ დომენტი სიჭინავაზე, რადგან ის რეალაურად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის რჩეულია.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა სიჭინავას კითხვა დაუსვა.
მერობის კანდიდატმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ კალაძეს დიდი ხანია იცნობს და პატივს სცემს, რადგან როგორც სპორტსმენმა ქვეყანა ასახელა. მანვე აღნიშნა, რომ კალაძეს მის საარჩევნო კამპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
– თქვენ სუსი-ს თანამშრომელი ხართ ხომ? აბა რა ჩანაწერებზე მეუბნებით, – უთხრა დომენტი სიჭინავამ მედიის წარმომადგენელს, რის საპასუხოდაც ბასილაიამ განუმარტა, რომ ჟურნალისტია.
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საინიციატივო ჯგუფიდან დომენტი (ზვიად) სიჭინავამ საარჩევნო პროგრამა დღეს ჟურნალისტებს დახურულ ფორმატში გააცნო. მან მთავარპრიორიტეტებს შორის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების სისტემის დახვეწა და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესება დაასახელა.
ლაივპრეს.გე

