ეკა ბესელია – მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება

ეკა ბესელია - მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნებამმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი, შესაბამისად, შემომწირველთა რაოდენობაც მეტი იქნება, – ასე ხსნის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ქართული ოცნებისა” და დანარჩენი პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებს შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას.

“ბუნებრივია განსხვავება იქნება რამდენიმე გარემოების გამო: მმართველ პარტიას აქვს ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიღებული ხმების პროპორციულად. მეორე არის წევრთა რაოდენობა – მმართველ პარტიას ჰყავს ყველაზე მეტი და ძალიან ბევრი წევრი. ბოლო არჩევნებში მივიღეთ მილიონამდე ხმა, შესაბამისად, მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მეტია და შემომწირველთა რაოდენობაც, შესაბამისად, მეტი იქნება. მთავარი არის ის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. თქვენ ხედავთ, რომ აუდიტის სამსახურში არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს იბარებენ გამოსაკითხად, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, არამედ მმართველი პარტიის შემომწირველებსაც. ასე რომ, ყველაფერი არის გამჭვირვალე და კანონის შესაბამისი”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ ოპოზიცია შემოსავლებს მალავს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს ალბათ აქვს ინფორმაცია, რადგან ამას ამბობს, თუმცა თავად ამის შესახებ არ იცის.

“არ გამოვრიცხავ ასეთი ფაქტები იყოს. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ მე არ მაქვს ეს ინფორმაცია”,- აღნიშნა ბესელიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში – 92,168.00 ლარი.