ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო

ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში საარჩევნო ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყოესპანეთის პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ კატალონიის რეფერენდუმისთვის განკუთვნილი საარჩევნო ურნების და ბიულეტინების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხუან იგნასიო სიოდომ დაადასტურა.

„ნაციონალური პოლიცია საარჩევნო ურნებს იღებს და ამით უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით კანონს ასრულებს,“- დაწერა Twitter-ზე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. მან ვიდეოც გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია როგორ გააქვთ შენობიდან ბიულეტინები.  შენობის გვერდით კი ხალხი საპროტესტო აქციას მართავს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი დაიწყო. რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.

კატალონიის ავტონომიის ხელისუფლებამ მოქალაქეებს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისცა, მათ შორის მადრიდშიც. ამისთვის სპეციალური მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს.

კატალონიაში რეფერენდუმის მომხრეებმა გასულ ღამით იმ სკოლების შენობები დაიკავეს, სადაც დღეს კენჭისყრა უნდა ჩატარდეს.

ესპანეთის ხელისუფლებამ, კატალონიაში 2,315 საარჩევნო უბნიდან, 1,3 ათასამდე დაბლოკა.

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი 7 სექტემბერს  მიიღო.

რეფერენდუმზე მოსახლეობა გადაწყვეტს – უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ტარდება მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეჩერებულიყო ყველა პროცესი. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.

ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.