კატალონიის მთავრობა აცხადებს, რომ რეფერენდუმში მონაწილე მოქალაქეების 90%-მა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,2 მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად, აქტივობამ 42% შეადგინა.
კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ კატალონიელებმა მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება.
– დღეს იყო იმედის დღე. ჩვენმა მოქალაქეებმა მოიპოვეს უფლება კატალონია გახდეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მათ მოიპოვეს სუვერენიტეტის უფლება, – აღნიშნა პუჩდემონმა.
უახლოეს რამდენიმე დღეში რეფერენდუმის შედეგები კატალონიის პარლამენტს გადაეცემა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის კანონის შესაბამისად.
იმავდროულად, კარლეს პუჩდემონმა აღნიშნა, რომ ღიაა მადრიდთან დიალოგისთვის.
– ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, რომელიც სასარგებლო იქნება, თუ წარიმართება კატალონიელი ხალხის პატივისცემით. და ჩვენ ღია ვართ წინადადებებისთვის შუამავლობაზე, რომელიც ამ გზაზე დაგვეხმარება, – განაცხადა მან.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა პროცესის ჩაშლას. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა სულ ცოტა 800 ადამიანი.
იმედინიუსი

