კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა

კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადაკატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს.

დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს. (სულ 135 დეპუტატი).

კენჭისყრა პარლამენტში რეგიონის მეთაურის, კარლეს პუჩდემონის განცხადებიდან მეორე დღეს გაიმართა. პუჩდემონმა ოფიციალურ მადრიდს ვადამდელ არჩევნებზე უარი უთხრა.

”ჩვენ ვაფუძნებთ კატალონიის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელნწიფოს, კანონის უზენაესობის საფუძველზე”, – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც პარლამენტის სპიკერმა კენჭისყრის დაწყებამდე წაიკითხა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციის საპასუხოდ ესპანეთი რეგიონში პირდაპირი მმართველობის დაწესებას გეგმავს. არსებობს მოლოდინი, რომ შესაბამის რეზოლუციას ესპანეთის სენატი დღეს მიიღებს.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.

რეფერენდუმის შემდეგ, კატალონიამ ცალსახა პოზიცია არ დაიკავა და მკაფიოდ არ უთქვამს აცხადებდა დამოუკიდებლობას თუ არა. ამის ნაცვლად, რეგიონულმა მთავრობამ ესპანეთის ხელისუფლებას მოლაპარაკებები შესთავაზა.