“კაცმა სხვენზე ამიყვანა და მითხრა, ტრუსიკი გაიხადეო. მე გამოვიქეცი. გთხოვთ, არავის უთხრათ, გთხოვთ!..” – რატომ არ ყვება ძალადობის მსხვერპლი თავის ისტორიებს

ნათია მანიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”რატომ მალავენ, არ ჰყვებიან ბავშვები ისეთ რამეს, რაც უნდა თქვან, გაამხილონ, მოუყვნენ მშობლებს?

…მე ფსიქოლოგი არ ვარ და გამიჭირდება, ზუსტი და არგუმენტირებული პასუხი გაგცეთ.

უბრალოდ, მოვყვები ამბებს.
ამბავი #1

მეორე კლასში ვიყავი, როცა საღამოს ეზოში მოთამაშე მე და ჩემს ორ კლასელს ერთი კაცი მოგვიახლოვდა და ლიფტიორად გაგვეცნო.

__ ოქტომბრელები ხართ?
__ კი.
__ ოქტომბრელები რომ ყველას უნდა დაეხმარონ, იცით?
__ კი. ვიცით.
__ დამეხმარებით?
__ კი. მაგრამ რაში?
__ ლიფტია გაფუჭებული. და დახმარება მჭირდება რაღაც პატარა საქმეში.

შეგვიყვანა ჩვენთვის უცხო კორპუსში.
გამოიძახა ლიფტი.
ლიფტი მუშაობდა. მაგრამ ეჭვი არ შეგვპარვია არაფერში, რადგან იქვე მეორე ლიფტიც იყო. ვიფიქრეთ, ალბათ მეორეა შესაკეთებელიო.

__ სამივე არ მჭირდებით. ერთი მინდა. აბა, რომელია ყველაზე ყოჩაღი?
__ მე!
__ არა, მე!
__ არა, მეე! __ ვიწევდით ხელს და ვხტებოდით მაღლა.

ამოირჩია. ყველაზე კაფანდარა, ყველაზე ლამაზი.
შევიდნენ ლიფტში. დაიძრნენ.

…დიდხანს ველოდით. დიდხანს. არ ვიცი, რამდენ წუთს. რადგან საათი არ მქონია. მაგრამ დრო ძალიან გაიწელა. გასართობად უამრავ სისულელეს ვიგონებდით.

ბოლოს კიბეებზე ჩამოირბინა მან, ჩვენმა ამხანაგმა. ტირილით.

__ წავიდეთ აქედან!
__ რა მოხდა?
__ სხვენზე ამიყვანა და მითხრა, ტრუსიკი გაიხადეო. მე გამოვიქეცი.
გთხოვთ, არავის უთხრათ, გთხოვთ!..

…

___ ნათია, რა გჭირს, დე? მოხდა რამე?
___ არა, არაფერი.
___ აბა, რატომ ხარ ასე, დე? რა მოხდა?
რა მოხდა? რატომ ხარ ჩუმად? ნათია!
___ არავის ეტყვი, დე? დაიფიცე, რომ არავის ეტყვი.

გამომტეხეს.

დედამ და მამამ არ მიაქციეს ყურადღება ჩემს ტირილს, ჩამაცვეს, თვითონაც ჩაიცვეს და სასწრაფოდ წამიყვანეს ჩემი კლასელის სახლში.

კარი მან გააღო. რომ დაგვინახა, ფერი დაკარგა:
__ გეხვეწებით, არაფერი უთხრათ დედას, გეხვეწებით.
მერე კი ტუალეტში ჩაიკეტა…

მე კი საშინლად მრცხვენოდა, რომ ვუღალატე მეგობარს, რომ გავეცი მისი საიდუმლო და ახლა ჩემი მშობლები მის მშობლებს უყვებოდნენ იმ საშინელ ამბავს, რომლის საშინელებაც ბოლომდე არც მესმოდა მაშინ.

გადავწყვიტე, რომ აწი აღარ ვენდობოდი და აღარაფერს არ მოვუყვებოდი არასდროს…”