კოტე იოსელიანი – თავს დამესხა 15 კაცი და ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახე

კოტე იოსელიანი - თავს დამესხა 15 კაცი და ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახეერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, გუშინ საკრებულოს შენობასთან მისი დაკავება უკიდურესი ძალადობის ფონზე მოხდა. როგორც კოტე იოსელიანმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს.

– ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო არნახული ძალადობით განხორციელებული დაკავება. მარტო ვიდექი, როცა თავს დამესხა 15-მდე ადამიანი. თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო. “ქართული ოცნების” „ტიტუშკები“, ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახე. ჩემი მორევა მარტივი არაა და იყო ძალიან დიდი ორომტრიალი, უშვერი სიტყვებით გინება. მე იქ კანონი არ დამირღვევია, არავისთვის მუშაობაში ხელი არ შემიშლია. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიცია იდგა და ასრულებდა უკანონო ბრძანებას, კერძოდ, ხელი შეუშალა მოქმედ დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი 3 საათის განმავლობაში მეძებდა. ორჯერ შეცვალეს ჩემი დაკავების ოქმი. პირველად ჩაწერეს სრული იდიოტიზმი, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას, გავყოლოდი მანქანასთან, რასაც საერთოდ არ ჰქონია ადგილი. შემდეგ კი ჩაწერეს, თითქოს მე პოლიციას ვაგინებდი, რაც ასევე აბსურდია, რადგან ყველას შეუძლია ნახოს, რომ გინება საპირისპირო მხრიდან იყო. მოხდა შერჩევით ადამიანების დაკავება. მე ვარ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატი. ვაკეში “ქართული ოცნება” განადგურებულია. გუშინ მქონდა დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ჩამიშალეს და ამით გზას უხსნიან ჩემს კონკურენტს, – აღნიშნა კოტე იოსელიანმა.

ნიუპოსტი