მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ მოძრაობა „ქართული იდეის„ ლიდერ ლევან ჩაჩუას ესაუბრა.
– დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადეთ, რომ მმართველ პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებობს გარიგება. ამ სქემის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში იმარჯვებს ნაციონალური მოძრაობა თავის განაყოფებთან და მმართველ პარტიაში ჩანერგილ ნაციონალებთან ერთად. ბოლო დროს ქვეყანაში, განსაკუთრებით _ დედაქალაქში, ბევრი ხმაურიანი მოვლენა და შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს არ ნიშნავს, რომ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის გარიგება არ არის?
– არა, არა. ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ `ქართულ ოცნებასა~ და ნაციონალურ მოძრაობას შორის გარიგება და დაუსრულებელი კოაბიტაციაა. ამ შეხლა-შემოხლასა და პოლიტიკურ შოუებს თავისი მიზანი აქვს. ხალხში დიდი ნიჰილიზმი და უნდობლობაა პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების მიმართ. ერთადერთი, ვინც რამდენიმე წლის წინ იმედი გააჩინა, ბიძინა ივანიშვილი იყო. დღეს ნდობა ბიძინა ივანიშვილმაც დაკარგა. შეუსრულებელი დაპირებები ადამიანებს არ დავიწყებიათ. ამ 5 წლის განმავლობაში უდიდესი იმედგაცრუება დაგროვდა. ზოგიერთებისაგან განსხვავებით, ცხოვრებას ავტომობილიდან, ვერტმფრენიდან და მინებიდან არ ვუყურებ. ყოველდღიურად ბევრ ადამიანს ვხვდები და ვიცი საზოგადოების განწყობა. ამ ადამიანებს `ქართული ოცნებისკენ~ გახედვაც არ უნდათ. აღარაფერს ვამბობ ნაცმოძრაობაზე. ხალხს იმედი არა აქვს, რომ არჩევნებზე მისვლით რაიმე შეიცვლება. ნიჰილიზმის დასაძლევად და პოლიტიკური დუღილის გამოსაწვევად მოიფიქრეს სცენარი. ხელოვნურად ხდება ტემპერატურის აწევა.
– ბოლოდროინდელი ხმაურიანი მოვლენები წინასწარ შემუშავდა?
– რასაკვირველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავეებს მაინც დასჯიდნენ!
– დამნაშავეები ვინ არიან?
– ნაციონალების მიერ გამართულ აქციაზე პარტიის ლიდერი პოლიციელს ქოლგას ურტყამდა. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს რომ სხვას ჩაედინა, დასჯიდნენ. ამგვარი რამ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარიყო, დამრღვევს წამება არ ასცდებოდა. ეს ყველაფერი `ოცნებისა~ და ნაცმოძრაობის შოუებია. ასეთი სპექტაკლები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემოც იდგმებოდა.
– ამ ტელეკომპანიის გარშემო მართლა ხდებოდა მოვლენები.
– იყო ჩვეულებრივი დავა, მაგრამ ისტერიკა იმის თაობაზე, რუსთავი 2-ს ხურავენო, სპექტაკლის ნაწილი იყო. ადრევე ვთქვი, რომ ამ ტელევიზიას არავინ შეზღუდავდა და მით უმეტეს, არ დახურავდა.
– ახლა მოხერხდა ტემპერატურის აწევა?
– ეს ჩანაფიქრი ვერ გამოუვიდათ. სასოწარკვეთილი ხალხი შოუების გამო არჩევნებით არ დაინტერესდება. არჩევნებზე ისევ მივლენ იმ პარტიების წევრები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ჩვენდა საუბედუროდ, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი. საარჩევნო უბნებს არ დააკლდებიან `ოცნების~ ჩინოსნები, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები. მანდატებს გადაინაწილებენ ნაციონალური მოძრაობა და `ქართულ ოცნებაში~ ჩანერგილი ნაციონალები. ასეთი ნაციონალი მმართველ პარტიაში მრავლადაა. იმისთვის, რომ დემოკრატიულობის მოჩვენებითი სურათი შექმნან, აქა-იქ თითო-ოროლა ადგილს არგუნებენ ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილ პარტიებს. ნაციონალური მოძრაობა სპეციალურად დაშალეს ოთხ ნაწილად. გაშლილი ნაციონალები საბოლოოდ შეერთებას აპირებენ.
– ადრე ქუჩის გამოსვლებს არ გამორიცხავდით. გადაიფიქრეთ?
-„ქართული იდეა“ ძალებს იკრებს. აქციები არ გადაგვიფიქრებია. მომავალში არაფერს გამოვრიცხავ.
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის წამოყენებასაც აპირებდით.
– ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ სხვებზე ადრე, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდით. პარტიებს, რომლებიც ნაცმოძრაობასთან არ არიან გასვრილი და ივანიშვილის მიერ ნაყიდი, გაერთიანების ინიციატივით მივმართეთ. კარგი იქნებოდა, ერთიანი ძალებით გამოვსულიყავით და მოგვეთხოვა რიგგარეშე არჩევნები. ადგილობრივი არჩევნების შესახებ გარიგებაზეც განვაცხადეთ და ამ არჩევნების ბოიკოტისკენ მოვუწოდეთ სხვებს. ზოგ ძალას ეგონა, რომ ივანიშვილთან დაალაგებდა ურთიერთობას, ამიტომ ჩვენ არ გვისმენდა. ეს ოპოზიციონერები პირადად ბიძინა ივანიშვილს არ ეხებოდნენ, როცა მის მიერ მოყვანილ მთავრობას აკრიტიკებდნენ. ახლა ეს პოლიტიკოსები ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ და პროცესიდან გარიყულები ერთმანეთს ასწრებენ ქუჩის დაკავებას _ ზოგი დაჯდა საშიმშილოდ, ზოგი მასობრივი შიმშილობით იმუქრება.
– ვადამდელი არჩევნები არ მომწიფებულა?
– ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უკვე სხვებიც ალაპარაკდნენ. ეს მოთხოვნა თანდათან უფრო მომწიფდება. ადგილობრივი თვითმმართველობები და მუნიციპალიტეტები რომ ნაციონალებით გაივსება, ხალხი მიხვდება, რომ მოტყუვდა და შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ამ დიდი გარიგებით ივანიშვილის `ქართული ოცნების~ შემდეგ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სპეციალურად დაშალეს ჯგუფებად. ამას ყველა დაინახავს. მესამე ძალის მოლოდინი ისედაც არსებობს. ხალხში კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნა ისეთ ძალაზე, რომელიც არ არის გარედან მართული. თუ დამოუკიდებელი ძალები გავერთიანდებით, შეიძლება ვადამდელი არჩევნები ერთად მოვითხოვოთ, მაგალითად, გაზაფხულიდან. ხალხი ქუჩაში ალბათ სპონტანურად გამოვა. ამის საფუძველი ბევრი იქნება _ ფასების მატებით დაწყებული, ვალების გამო ბინების დაკარგვითა და გადასახადების ზრდით დამთავრებული.

