ესპანეთის მთავრობა კატალონიის ხელისუფლებას მოსთხოვს განმარტოს, გამოაცხადა თუ არა ავტონომიამ დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების საფუძველი გახდეს.
ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარიანო რახოიმ განაცხადა.
– ესპანეთის მთავრობა კატალონიის მთავრობას მოსთხოვს განმარტოს, არის თუ არა გამოცხადებული დამოუკიდებლობა, – განაცხადა მარიანო რახოიმ.
მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა საჭიროა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებისთვის.
– პასუხი, რომელსაც კარლეს პუჩდემონი მოგვცემს, განსაზღვრავს ჩვენს გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში, – დასძინა მან.
ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი ავტონომიისთვის სტატუსის შეჩერებას ითვალისწინებს.
გუშინ გვიან საღამოს კარლეს პუჩდემონმა და კატალონიის სხვა ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ განხორციელებული არ იქნება, რადგან კატალონიის ხელისუფლებამ ოფიციალურ მადრიდთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გამართოს.
ინტერპრესნიუსი

