მარიკა დათუკიშვილი : „მარაზმია რაც საკრებულოში ხდება“

მარიკა დათუკიშვილი : „მარაზმია რაც საკრებულოში ხდება“თბილისის საკრებულოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ ბლოკირებული. შენობამდე მისასვლელები სამართალდამცავებს სპეციალური ჯებირებით აქვთ გადაკეტილი.

სამართალდამცავების მობილიზება დღევანდელ სხდომას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის მიწის ორი ფართობის გადაცემის საკითხზე.

საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებს არ შეუშვებენ და სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები დაესწრებიან.

– საკრებულოს შენობას აქვს რამდენიმე შემოსასვლელი, ყველა შესასვლელი ბლოკირებულია, მხოლოდ ცენტრალური შემოსასვლელია დატოვებული და ისიც ბარიკადებით არის გადაკეტილი, დაკეტილია საშვთა ბიურო, დღეს მოქალაქესთან მაქვს შეხვედრა, არ მაძლევენ საშუალებას ეს ადამიანი შემოვიყვანო და დავკავდე მისი პრობლემების მოგვარებით, ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, რომელმაც ამიხსნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა და დღეს ვერცერთი ადამიანი ვერ შემოვა საკრებულოში, ეს არის მარაზმი რაც აქ ხდება, ეს არ არის მხოლოდ შეზღუდვა ადამიანებისთვის საჯარო სხდომაზე დასწრების, ეს არის თვითმმართველობის კანონის დარღვევა, ქარტიის პრინციპის დარღვევა და საერთოდ ყველანაირი ნორმის დარღვევა, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ, – აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.