მეჭიაური – ”მე კოალიცია ”ქუცნა” მებრძვის”

მეჭიაური - ”მე კოალიცია ”ქუცნა” მებრძვის”– ამ საჩივრებით არ მგონია, მათ რამეს მიაღწიონ, აქ გადამწყვეტი არ არის, ვიქნები თუ არა მერი, ამას ხალხი არ აპატიებს. ხელისუფლებასაც ჰყოფნის გონიერება, რომ თიანეთის მერის თანამდებობას არ გადააყოლებენ საკუთარ რეპუტაციას. მე გავიმარჯვებ.

ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თიანეთის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი თამაზ მეჭიაური ინფორმაციას, რომ თიანეთის მერის არჩევნებში მისი გამარჯვების გადაწყვეტილება ოთხმა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თამაზ მეჭიაური არჩევნებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ დავაში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვის კვალს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება უპირისპირდება.
– არ მგონია, რომ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ხელისუფლება იყოს ჩართული. შესაძლოა ცენტრალური ხელისუფლებიდან ვიღაც საშუალო დონეზე უჭერდეს მხარს ზაქარია ქუცნაშვილს ან მასთან ბიზნესინტერესები ჰქონდეს, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ესენი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები. მე მიპირისპირდება ადგილობრივი ხელისუფლება. რეგიონულიც რომ რაღაც დონეზე იყო, ესეც ფაქტია, რადგან სპეცრაზმი ვერ შემოვიდოდა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის ნება-სურვილით, თუ მას სხვებიც არ აჰყვებოდნენ, – განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება 4 სუბიექტის სარჩელს, რომლებიც ითხოვენ, რომ გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, თამაზ მეჭიაურის თქმით, მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ სუბიექტები სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან სასამართლომ მისი გამარჯვება დაადასტურა.
– ეს არის კოალიცია „ქუცნა“, ოთხივე არის ერთი და იგივე. ოთხივეს ვერ შეგპირდებით, მაგრამ ის ორი დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. ის არასამთავრობოები კი გააგრძელებენ, თუმცა, ზაქარია ქუცნაშვილი თვითონვე გამოჩნდება, როგორც იმ არასამთავრობოების უშუალო ხელმძღვანელი. თიანეთში ჩემი გამარჯვება სასმართლომ დაადასტურა და ეს სამართლებრივი დავა მოვიგე. ახლა მე არ ვიცი, რის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, – განაცხადა მეჭიაურმა.