მწერალი მამუკა ხერხეულიძე: „პარტიულ პოლიციას სურს , ჩემს ვაჟს რაიმე დაუშავონ და ამით დაგვაშანტაჟონ”

მწერალი მამუკა ხერხეულიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალთვალში ადანაშაულებს. მწერალი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან ორი მანქანა მორიგეობს. ხერხეულიძე აცხადებს, რომ ეს მის ხელისუფლებისადმი კრიტიკას უკავშირდება.

– „ოცნების” პარტიულ პოლიციას სურს რამენაირად გამაჩუმოს, – აცხადებს ხერხეულიძე.
– მეგობრებო, ე.წ. “არჩევნების” დამთავრების დღიდან დღემდე ჩემს სახლთან მუდმივად დგას მორიგე მანქანა, რომელზე დაკვირვების შედეგადაც ის პოლიციის აღმოჩნდა. დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, აქედან გამომდინარე, ცხადია – „ოცნების” პარტიულ პოლიციას სურს რამენაირად გამაჩუმონ, მე მწერალი მამუკა ხერხეულიძე, როგორც ამ ხელისუფლების კრიტიკოსი და ოპოზიციონერი იმით, რომ ჩემს უფროს ვაჟს რაიმე დაუშავონ; კერძოდ, ნარკოტიკის, ან იარაღის ანდაც რაიმე აკრძალული ნივთის “ჩადების” გზით ის ციხეში გაისტუმრონ და ამით დაგვაშანტაჟონ.
შსს-ს მინისტრისა და “ოცნების” მთელი ლიდერშიპის საყურადღებოდ ვაცხადებ, რომ ასეთი უკანონობის შემთხვევაში ბრძოლისა და პროტესტის უკიდურეს ხერხებს მივმართავთ არა მარტო მე, ასევე ყველა ის ადამიანი თუ მშობელი, ვინც მაგვარი უკანონობის სამიზნე ან მსხვეპრლია, და შევეცდებით ძალიან დავაზიანოთ როგორც თქვენი “თავისუფლად სუნთქვის” ლეგენდა, ასე თქვენი მთელი პოლიტიკური გუნდი, ვისაც პიროვნებების დონეზე დაეკისრება პასუხისმგებლობა.
როგორც ჩანს, თქვენ არ იცით რას ნიშნავს ამ ქალაქის მკვიდრი საზოგადოების და წესიერი თბილისელების ნამდვილი მრისხანება. დასკვნები თქვენთვის მომინდია. მიიღეთ ეს უკანასკნელ გაფრთხილებად,- აცხადებს ხერხეულიძე.
პოლიციის მხრიდან თვალთვალზე წერს, “ენმ”-ს წევრი ეკა ხერხეულიძეც და ფოტო მასალასაც ავრცელებს.
– ზუსტად იგივე ვითარებაა ჩემ სახლთან.დგანან ჩემი სადარბაზოს წინ და დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს ორი ეკიპაჟი.მოტივი ნათელია,შემკვეთის გვარებიც ვიცით და მორიგე ოპერების ვინაობაც.
მეტი არ მინდა,რამე შეგეშალოთ!თქვენს ხასიათზე კი ვარ…- წერს ეკა ხერხეულიძე.