რა გეგმები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას, რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე, ვინაა არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი, რატომ სურს ივანიშვილს პოლიტიკური ველის გასუფთავება, რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება.
– არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შექმენით ლიდერთა საბჭო. ლიდერთა საბჭოში შემავალი სუბიექტები აცხადებდით, რომ არჩევნების გაყალბებას შეეწინააღმდეგებოდით. ყველა თქვენგანი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლეთ თუ ამას გაგრძელება ექნება?
– მე ვთვლი, რომ ლიდერთა საბჭოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ რეალური ოპოზიცია იყო თავმოყრილი. გასაგები მიზეზების გამო პატრიოტთა ალიანსმა ლიდერთა საბჭოში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ჩვენ ყველამ დავინახეთ რომ არჩევნების გაყალბება მოხდებოდა. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების ჩატარებას არ აპირებდა და არჩევნების შედეგების დაწერას გეგმავდა. აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, ერთმანეთის სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, გავერთიანებულიყავით და კოორდინირებულად გვემოქმედა.
ჩვენ არ გვქონდა იმის რესურსი, რომ 120.000 კოორდინატორის უკანონო ქმედებები აღგვეკვეთა. არც იმის შესაძლებლობა გვქონდა, რომ აღგვეკვეთა ის ტოტალური კონტროლი, რასაც სუსი ახორციელებდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებდით დარღვევების აღმოჩენაზე. რომლებსაც შემდეგ გავასაჩივრებდით და რეალური ხმების გამოსაჩენად უბნების გახსნისთვის ვიბრძოლებდით.
ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ.
გარდა ამისა, ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. დარღვევებთან დაკავშირებით მათ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციებს. ჩვენი პრეტენზიები უკვე აისახა მტკიცებითი ფორმით ოდირის წინასწარ დასკვნაში. ამ პრეტენზიებზე გამოხმაურება ჰქონდათ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.
– ამ ანგარიშების მიუხედავად, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად ჩატარდა.
– პრემიერი სულ ტყუილად იძახის, რომ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. პრემიერი ტყუის, როცა ამბობს, რომ არჩევნები საერთაშორისო მედიამ დადებითად შეაფასა. ოდირს ეს არჩევნები არც დემოკრატიულად და არც თავისუფლად არ შეუფასებია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ასეთი ცუდი შეფასება საქართველოში ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არ ჰქონია.
ხელისუფლებამ ეს არჩევნები უცხოეთის თვალში ნამდვილად წააგო. წააგო იმ თვალსაზრისით, რომ დაკარგა დემოკრატიის ხარისხი, მაგრამ ამათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამათთვის მნიშვნელოვანი სავარძლების შენარჩუნებაა, სავარძლები ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვთ.
– მართლა 120.000 კოორდინატორი ჰყავდა “ოცნებას”?
– დიახ, დაახლოებით ასეთი ციფრი იკვეთება. მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, ძალიან დიდი სირცხვილია, რაც ამ არჩევნებზე მოხდა. სამარცხვინო და უცნაურიცაა ის ფაქტი, რომ იმ არჩევნებში, რომლითაც დაინტერესებული იყო ის კაცი, რომელმაც მარტო მოგება შარშან 800 მილიონი ლარი მიიღო, ხალხი 15 ლარად აძლევდა ხმას მისი ქონების და გავლენის შენარჩუნებას.
ქართველებს თუ ეს 15 ლარი ყოფნით, იმყოფინონ, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილია და ცოტა უჭკუობაც. რაკიღა თავის ხმას და ქვეყნის მომავალს ყიდიან, ცოტა მეტი მაინც მოეთხოვათ.
– თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, რომელიც არც არჩევნების წინა პერიოდში გამოჩენილა და არც იმ ბანკეტზე მისულა, რომელიც “ოცნებამ” გამარჯვების აღსანიშნავად გამართა. თქვენი აზრით, ეს არაფერზე მიანიშნებს?
– ვერ გეტყვით, მარჩიელობას ნამდვილად ვერ დავიწყებ, თუ რატომ არ იყო ბანკეტზე. მგონი, საბანკეტოდ საქმე მართლა არა აქვს, როცა ამდენი ფული გაქვს და არჩევნების გაყალბებაზე მიდიხარ, ისე მაინც გააკეთე, რომ თვალშისაცემი არ იყოს. ამ შემთხვევაში გაყალბება თვალშისაცემი იყო.
საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა 28 ოქტომბერს სასამართლომ ჩვენი ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, სადაც მთაწმინდის N13 საარჩევნო უბნის გახსნას ვითხოვდით. ამ უბანზე ჩვენ 0 გვიწერია. ცოცხალი ადამიანი მივიდა, როგორც საოლქო კომისიის სხდომაზე, ასევე სასამართლოზე და განაცხადა, ხალხნო, მე მივეცი ამათ ხმა. მან კიდევ 15 კაცი ჩამოთვალა, რომლებმაც ამ უბანზე ხმა მოგვცეს.
ის ერთი ადამიანი, მოწმის სახით ითხოვდა უბნის გახსნას, სასამართლომ გვითხრა, რომ უბანი არ გაიხსნება. წარმოგიდგენიათ, როგორი გაყალბებაა ამ უბანზე, ასე ძალიან რომ ეშინიათ მისი გახსნის. ასეთი უბანი ძალიან ბევრია და ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ 6-დან 8%-მდე ავიღეთ ამ არჩევნებზე.
ადამიანი როცა შედეგს ისე წერს, რომ არ ითვლის, იმას დაწერს, რაც თავად უნდა. კიდევ კარგი მთლად 0% არ დაგვიწერეს.
როგორ “დემოკრატიულად” ტარდებოდა არჩევნები, ამაზე კიდევ ეს 2 ფაქტი მეტყველებს. ისანში გვქონდა 6 ხმა და როგორც კი ხმაური ავტეხეთ, ყუთის გაუხსნელად და ბიულეტენების დაუთვლელად პირდაპირ 56 ხმა გვაჩუქეს.
იგივე მოხდა კასპში, სადაც გვეწერა 0 ხმა. ამაზე ჩვენმა კანდიდატმა ატეხა ხმაური. თქვა, მე ხომ მივეცი ხმა ჩემს პარტიას და სად არის ჩემი ერთი ხმაო. ამის შემდეგ ბიულეტენების გადაუთვლელად 42 ხმა დაგვიწერეს. ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ სამწუხაროდ უბნების გახსნას ვერ ვახერხებთ. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა.
ასეთ დროს აღმაშფოთებელია იმ ექსპერტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ვინც ბარიერი ვერ გადალახა, პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ.
იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ ბურჯანაძე პოლიტიკიდან წავიდეს და ის ხალხი დარჩეს, ვინც დღეს პარლამენტშია, მათ ეს ქვეყანა არ უყვართ. აქ იმაზე არაა ლაპარაკი, მოგწონს თუ არა ბურჯანაძე, როცა ამ განცხადებებს აკეთებ. აქ იმაზეა ლაპარაკი, ვინ არის პოლიტიკოსი და ვის შეუძლია საქვეყნო საქმის გაკეთება, ბურჯანაძეს თუ იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელ პარლამენტში არიან.
იმ ექსპერტებს, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, მინდა ასეთი კითხვა დავუსვა, ბურჯანაძე უნდა წავიდეს და ბოკერია დარჩეს?! ასეთი სცენარი ძალიან აწყობს ბიძინა ივანიშვილს.
– ექსპერტების ნაწილი მის მოსაზრებას ახმოვანებს?
– როგორც ჩანს, აქ ბევრი ადამიანისთვის ბიძინა ივანიშვილის სურვილებია გადამწყვეტი.

