პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით ოპოზიციამ და პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა ახალი კომპრომისული შეთანხმება უმრავლესობის მიმართ.
როგორც დოლიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნებიც, რომელიც უმრავლესობის მხრიდან იქნა გაჟღერებული პრეზიდენტთან შეხვედრის დროს:
– აქამდე გვქონდა უპრეცედენტო თანხმობა ოპოზიციის სრულ სპექტრთან 6 პუნქტიან შეთანხმებაზე, ამას მოჰყვა უმრავლესობის თხოვნა 2 პუნქტზე. ეს არის ბონუსის და ბლოკების თემა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა ახალი კომპრომისული შეთანხმება უმრავლესობის მიმართ, ეს შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში:
პირველი ორი საკითხი არის ის საკითხები, რომლებიც მოითხოვა უმრავლესობამ – ბლოკების დაშვება და ბონუსის აკრძალვა. ეს უცვლელად იქნება გადმოტანილი პრეზიდენტის ვეტოში, მესამე საკითხი იქნება ასევე ის საკითხი, რასაც იზიარებს თავად უმრავლესობა, ეს არის პროპორციული სისტემა, ამ შემთხვევაში თავად ოპოზიცია თავისი ოპოზიციური 35 ხმით ეხმარება უმრავლესობას, რომ მიიღოს პრინციპული და არა პარტიული გადაწყვეტილება, დაუმატებს იმ ხმებს, რაც რამდენიმე მაჟორიტარის წინააღმდეგობის გამო დააკლდება, ეს მესამე შეთავაზება საშუალებას მისცემს უმრავლესობას, შეასრულოს თავისი პრინციპული ნება და გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან. მეოთხე შეთავაზება ეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს. გვესმის უმრავლესობის არგუმენტიც, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ხშირად არაპირდაპირი წესით აირჩევა, შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი გადაწყდეს მაშინ, როდესაც შეიქმნება ორპალატიანი პარლამენტი, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც.
ეს არის ის 4 საკითხი, რომელიც კომპრომისულად არის შეთავაზებული. ჩვენც გვინდა, რომ ეს იყოს კარგი კონსტიტუცია და არა ერთპარტიული, მათვე დაუჭირონ მხარი ამ პროექტს იმის გათვალისწინებით, რომ 3 საკითხი მათი შემოთავაზებულია. ეს არის პრეზიდენტის ვეტოს შეთავაზებული შინაარსი, რომელზეც შეთანხმდა ოპოზიცია იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც უმრავლესობას ჰქონდა, – განაცხადა ანა დოლიძემ.

