საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები შემდეგ საკითხებს ეხება:
პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს ბონუსის გარეშე
ბლოკი და 3%-იანი ბარიერი
პრეზიდენტის არჩევის წესის გადავადება ორპალატიან პარლამენტამდე
ვენეციის კომისის რეკომენდაციის საფუძველზე მმართველი ძალისგან აღებული კიდევ ორი ვალდებულება:
1. გამოხატვისა და რწმენის თავისუფლების ნაწილში გარკვეული ფორმულირება;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილში – არჩევნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღოს არა სრულმა შემადგონლობამ, არამედ უმრავლესობამ.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოტივირებულ შენიშვნებზე ისაუბრა:
“კონსტიტუციასთან მიმართებით გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი საკითხი, რომელზეც ვსაუბრობდით, ეს არის შეთანხმება, კონსენსუსი და სწორედ ამ სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნება. პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საკითხები, ის საკითხები რომლებიც ქართულმა ოცნებამ ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს ოთხი საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში, მეხუთე საკითხიც ასევე ქართულ ოცნებას ეკუთვნის, ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები იქნება დამატებული, ანუ ოპოზიცია მისცემს ხმას და ეს საკითხიც სრულიად უმტკივნეულოდ იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციაში, ბოლო საკითხი კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და არ იქნას ერთმნიშვნელოვნად წარდგენილი შეთავაზება და გადავდოთ მომავლისთვის, შესაბამისად პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი შეთავაზება, პირველი 4 პუნქტი იმეორებს ქართული ოცნების ვალდებულებას ვენეციის კომისიასთან, მეხუთე საკითხიც არის პოზიტიური ინიციატივა, რომელიც განხილული არაერთხელ იქნა და ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის საკითხია, აქაც არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი, ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს. ამ 6 შეთავაზების გაზიარების შემთხვევაში, შესაძლოა მივაღწიოთ ძალიან ბევრს, მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვაჩვენებთ იმას, რაზეც არაერთგზის გვილაპარაკია, ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს, – განაცხადა პრეზიდენტმა.