ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებსტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წერილი მან გაზეთი Ведомости-ი გაუგზავნა.

“მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემტვის სულ ერთი არ არის, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა”, – წერს სობჩაკი ღია წერილში. ტელეწამყვანის თქმით, მისი კანდიდატურის წამოყენება სარგებელს მოუტანს, როგორც ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, ასევე მთლიან საზოგადოებას.

1 სექტემბერს, სობჩაკმა რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, აბსურდული უწოდა. დღეს კი თქვა, რომ ოფიციალური განცხადების გაკეთება არ სურდა, სანამ ბოლომდე არ ჩამოყალიბდებოდა მიზნებში.

14 სექტემბერს, სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მიზეზი ტელეწამყვანის მამის ანატოლი სობჩაკის შესახებ ფილმისთვის ინტერვიუ გახდა. თუმცა პრესა წერს, რომ ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტს პირადადაც ესაუბრა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ ორჯერ მონაწილეობდა. 2000 წელს კრემლის ლიდერობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე ელა პამფილოვას სურდა, რომელმაც მაშინ ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მიიღო, 2004 წელს კი ირინა ხაკამადას, რომელმაც ამომრჩეველთა მხოლოდ 3,84%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.