თინა ბოკუჩავა – მიშას რომ დაეჭირა ივანიშვილი ან ქვეყნიდან გაეგდო, მაშინ შეიძლებოდა პარალელებზე საუბარი

თინა ბოკუჩავა - მიშას რომ დაეჭირა ივანიშვილი ან ქვეყნიდან გაეგდო, მაშინ შეიძლებოდა პარალელებზე საუბარი– ეს არ არის ნორმალური არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. ეს არის არჩევნები, სადაც კანდიდატებს იჭერენ, სადაც კანდიდატებს ისე ხსნიან რეგიონებში, რომ უცებ გადაწყვეტენ ისინი, აღარ იყარონ კენჭი და ეს ხდება იმიტომ, რომ სუსი პირდაპირ აშინებს ან ძალადობით, ან სამსახურიდან გაგდებით, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში.

მისი თქმით, ეს არის არჩევნები, სადაც ბიზნესმენები ბიუჯეტის თანხებს ატრიალებენ და სწირავენ ”ქართულ ოცნებას”.

– ეს არ არის ორიგინალური არჩევნები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წამყვანის რეპლიკაზე, “ბევრად უფრო მძიმე არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციაც გვინახავს”, თინა ბოკუჩავამ უპასუხა:

– რომელ არჩევნებზე საუბრობთ?! მე არ მახსოვს არჩევნები, სადაც, მაგალითად, მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი იყო გაგდებული ქვეყნიდან, ან დაკავებული, თქვენ გახსოვთ? თუ გახსოვთ, იქნებ შემახსენოთ, მე ნამდვილად არ მახსოვს.

აი, ბიძინა ივანიშვილი რომ დაეჭირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ, რომ ის კანონს არღვევდა, ან გაეგდო ქვეყნიდან, მაშინ შეგეძლოთ რაღაც გარკვეულ პარალელზე გესაუბრათ. მე ნამდვილად არ მახსოვს რომელიმე ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ან დაკავებული იყო ან საპყრობილეში იყო, როგორც ახლა არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ან გაძევებული ყოფილიყო ქვეყნიდან, – განაცხადა ბოკუჩავამ.

აიპრესი