წულუკიანი: მასწავლებლებმა წინასაარჩევნოდ კანონი დაარღვიეს  

წულუკიანი: მასწავლებლებმა წინასაარჩევნოდ კანონი დაარღვიეს  საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ამავე დროს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ადასტურებს, რომ მასწავლებლების და ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის მხრივ გარკვეული კანონდარღვევები დაფიქსირდა. მინისტრის თქმით აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. წულუკიანი საჯარო მოხელეებს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს:

– ჩვენ უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მრავალჯერ განვიხილეთ მასწავლებლების თუ ბაგა-ბაღის თანამშრომლების პოლიტიკური აქტივობის საკითხი. ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა, რომ ისინი ამ აქტივობას ახორციელებდნენ კვირის და დღის იმ მონაკვეთებში, როდესაც მათ კანონის მიხედვით ამის უფლება აქვთ, თუმცა გამოვლინდა შემთხვევებიც, როდესაც იყო კანონდარღვევები. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო შესაბამის უწყებებს, პირველ რიგში განათლების სამინისტროს გენინსპექციას და აუდიტის სამსახურს, რომლებმაც მყისიერი რეაგირება მოახდინეს. მთლაინობაში ჩვენ გვაქვს მშვიდი საარჩევნო კამპანია, ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებებიც და შიდა დამკვირვებლების შეფასებებიც. მე როგორც კომისიის თავმჯდომარე ვისურვებდი, რომ 21 ოქტომბრამდე საჯარო მოხელეებმა კიდევ უფრო მაღალი დისციპლინით დაიცვან ნეიტრალიტეტი, რადგან პოლიტიკური პარტიები უნდა იყონ მკაცრად გამიჯნული მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლებისგან და ზოგადად სახელმწიფოსგან, – განაცხადა თეა წულუკიანმა.