ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვან შეზვედრაზე მიდის და 15 წუთის განმავლობაში დაბრუნდება. მან მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
– მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ ნასაკირალში და ძალიან გთხოვთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სამართალდამცველები ჩვენს გვერდით არიან. მე მივდივარ და 15 წუთში დავბრუნდები. კაცი, რომელიც არავის უნდა, ძალით მოჰყავთ, – მიმართა კონსტანტინე შარაშენიძე, მხარდამჭერებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში არსებული 62 უბნიდან დათვლილია 61-ის მონაცემები. აღნიშნული მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ 16 947 ამომრჩევლის ხმა მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ კი – 16 912. დასათვლელი რჩება #59-ე უბანი, სადაც „ქართული ოცნება“ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ინტერპრესნიუსი

