„ახმედ ჩატაევს პანკისში ოჯახი ჰყავს და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა“

„ახმედ ჩატაევს პანკისში ოჯახი ჰყავს და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა“ახმედ ჩატაევს პანკისში ოჯახი ჰყავს და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა, – ამის შესახებ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩატაევის ყოფილმა ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩატაევს ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა და მის წინააღმდეგ საქმე არ ყოფილა აღძრული.

ანდრიაშვილის განცხადებით, ბოლო დროს მას ყოფილ კლიენტთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ჩატაევი საქართველოში დაბრუნებულიყო, რადგან მას აქ ოჯახი ჰყავდა.

– მას მერე, რაც ახმედ ჩატაევი ციხიდან გამოვიდა, მასთან ურთიერთობა არ მქონია. მოგეხსენებათ, მე ის ყველაფერზე მესაუბრა, მაგრამ მისი ადვოკატი ვიყავი და ეთიკურად არ მაქვს უფლება მის მონათხრობზე გესაუბროთ. ვიცი, რომ მას ჰყავს ოჯახი საქართველოში, კერძოდ პანკისში და ასევე მეორე ოჯახი ჰყავს ავსტრიაში. ჩატაევს ორი ცოლი ჰყავს. მას ჰყავს პანკისში ოჯახი და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, მითუმეტეს, ჩვენს სახელმწიფოსთან მას რაიმე პრობლემა არ ჰქონდა, მის წინააღმდეგ საქმე არ ყოფილა აღძრული, ვფიქრობ, მას თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა, – განაცხადა ანდრიაშვილმა.

რაც შეეხება თავად ჩატაევის საქმეს, როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი საქმე ბოლომდე არ მისულა, რადგან პროკურატურამ მიიჩნია, რომ რეალურად ის საქმე უნდა შეეწყვიტა.

– არ გაგვისაჩივრებია, რადგან ძალიან მალე მან საქართველო დატოვა და სურვილი არ ჰქონდა, რომ შემდგომი ეტაპები გაევლო. რა თქმა უნდა, მე მას შევთავაზე, რომ მისი უკანონო პატიმრობა გაესაჩივრებინა და ის ამ საქმეს მოიგებდა, მაგრამ ამის სურვილი აღარ ჰქონდა. მითხრა, რომ სურდა დროულად ემკურნალა ფეხზე და პროთეზირება გაეკეთებინა. იმჟამად სახელმწიფომ შესთავაზა, რომ უფასოდ გაუკეთებდნენ პროთეზს, მაგრამ არ დათანხმდა, რადგან თქვა საქართველოში ისე კარგად ვერ გამიკეთებენ პროთეზს, როგორც ავსტრიაშიო. მიზანი იყო როგორმე დროულად გასულიყო საქართველოდან და ჯანმრთელობისთვის მიეხედა. მახსოვს, სტამბოლის ტერაქტების დროს გაიხმაურა მისმა სახელმა, მაგრამ მგონია მხოლოდ ვარაუდი იყო. ამ ადამიანმა ჩემზე სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა, – განაცხადა ადვოკატმა.

მედიაში არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყო.