„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“ რა ძალები გააქტიურდებიან ციხიდან მერაბიშვილის გამოსვლის შემთხვევაში, რატომ წავიდა პოლიტიკიდან ივანიშვილი, რა შანსი გაუშვა ხელიდან ოპოზიციამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– აქტიურად დგას დღის წესრიგში სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა, შესაძლოა, საპყრობილე ვადაზე ადრე დატოვოს. თქვენი აზრით, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაცა ხდება?
– პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და არც ესაა შემთხვევითი. ახლა გააჩნია, ეს სიახლეები ვის სასარგებლოდ დალაგდება. შემთხვევითი არაა, რომ ევროსტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენელი, საერთაშორისო სამართლის დაცვით, მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
ვიღაცას ძალიან უნდა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გარეთ გამოვიდეს, რაშიც, სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულ საფრთხეებს ვერ ვხედავ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არეულობა დასავლეთის ინტერესებში არ შედის.
– აბა, რატომ ითხოვენ ევროპელი პოლიტიკოსები მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებას?
– ამას რამდენიმე პოლიტიკოსი ითხოვს. ჩათვალეთ, რომ საქმე გვაქვს ვიღაცების კორპორატიულ ინტერესებთან. დასავლეთის ინტერესში არ შედის, რომ 2020 წლამდე საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გაცოცხლდნენ.
– ხალხის რეაქცია როგორი იქნება, თუ მერაბიშვილი ციხიდან გამოვა? ადამიანები, რომლებმაც იმ 9 წლის განმავლობაში საშინელება გადაიტანეს და დღემდე ვერ მოახერხეს სამართლის პოვნა, ამ ამბავს მშვიდად შეხვდებიან?
– უკმაყოფილება, ბუნებრივია, იქნება, მაგრამ მანამდე ის ციხიდან უნდა გამოვიდეს. ისიც გასათვალისწინებელი იქნება, რა პოზიციას დაიკავებს მერაბიშვილი.
არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ წავიდეს ქვეყნიდან. პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამორიცხო და შესაძლოა მან პოლიტიკური აქტიურობა დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა ექნება, ვის შეუერთდება – ნაციონალურ მოძრაობას თუ “ევროპულ საქართველოს”. არც ის გამორიცხოთ, რომ მან თავისი გუნდი ჩამოაყალიბოს.
ხალხს ყველა ვარიანტში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ექნება. ეს რეაქცია ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული. სააკაშვილის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც შეეცდებიან, ურთიერთობები ქუჩაში გაარკვიონ.
– ქუჩის აქციები რამდენად შეცვლის ვითარებას? არჩევნების წინაც იყო აქციები, მაგრამ ისე მიდიოდა ეს პროცესი, ვითომ არაფერი ხდებოდა. არადა, ვიღაცებს დიდი მოლოდინი ჰქონდათ.
– მერედა, რატომ ეგონა ხალხს ასე? ჩვენ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლიდა და პარტიების ვაჭარი ლიდერები სიტუაციას ვერ არევდნენ. მათი მიზანი არც ყოფილა სიტუაციის არევა. ეს იყო ხელისუფლებასთან ვაჭრობა და სხვა არაფერი.
რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ შეიძლება ვიღაც გაასულელოს და არჩევნებზე ხმა მიაცემინოს თავიანთი პარტიისთვის. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხალხი ამ პარტიას ქუჩაში საომრად ან საჩხუბრად გამოჰყვება.
ვიღაცას თუ სააკაშვილის ჩამოსვლის იმედი აქვს, ძალიან ცდება. მას უკვე აღარავინ უჭერს მხარს და მაგაზე ფსონს არავინ დადებს, ისევე, როგორც საქართველოში მოღვაწე პრორუსულ ძალებზე.
წინა ინტერვიუებში გითხარით, რომ რუსეთი საქართველოში ახალ შულავერის კომიტეტს შექმნის. თუ ამ კომიტეტში ისევ ძველი სახეები შევლენ და ისინი სათანადო სიმაღლეს ვერ ასწევენ, მაშინ არც მაგათზე დაიდება ფსონი.
– იმ შემთხვევაში რა ხდება, თუ შულავერის კომიტეტი გაქაჩავს?
– ამ შემთხვევაში რუსეთი ასპარეზზე გამოიყვანს სარეზერვო ფიგურას, რომელიც ჯერ პროცესებში არ ერევა. კომიტეტი თუ სიტუაციას არ მოამწიფებს, ის ადამიანი ისევ ჩრდილში დარჩება.
შულავერის კომიტეტის დაკომპლექტებას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა დააჩქარებს. სააკაშვილის ექსტრადირება თუ მოხდა, მაშინ შულავერის კომიტეტი ხომ გაცოცხლდება და გაცოცხლდება.
– მომავალ წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. შულავერის კომიტეტს ანუ რუსულ ძალებს თუ ეყოლებათ საკუთარი კადრი და რას მოიმოქმედებს კრემლი მის დასახმარებლად? დასავლური პრესა დღემდე ამტკიცებს, რომ ტრამპი რუსეთის დახმარებით გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენთან როგორ იქნება საქმე?
– საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი აღარ არის, რადგან ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ეს არჩევნები გარესამყაროსთვის ერთი რამით იქნება საინტერესო, ისინი პარტნიორობისთვის სავარაუდო კანდიდატებს დააკვირდებიან. რაღაცა განსაკუთრებულის მოლოდინში 2020 წლამდე არც რუსეთია და არც დასავლეთი.
– 2020 წლამდე სულ რომ თავზე დაიმხოს “ოცნებამ” ქვეყანა, ხალხი ამას გაგებით მოეკიდება?
– მთლად ასე არ არის საქმე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დიდი ცვლილებები დაიწყება.
– მხედველობაში სამთავრობო ცვლილებები გაქვთ?
– ცხოვრებაში ცვლილებებს ვგულისხმობ. ბევრი ახალი პროექტი იწყება და ეს აუცილებლად აისახება საქართველოზე.
– თვითმმართველობის არჩევნებზე არსად ჩანდა ივანიშვილი. თქვენი აზრით, ის “ოცნებას” გაემიჯნა თუ პოლიტიკას ჩამოშორდა?
– დიახ, ის არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკას.
– არის ვერსია, რომ მას დასავლეთი ანგარიშების გაყინვით დაემუქრა და ამიტომ გაუჩინარდა.