საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველობის საკუთარ კანდიდატურას დღეს არ დაასახელებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ ”ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
– არის დასახელებული რამდენიმე გვარი, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება კონკრეტულ პერსონასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. „ქართულ ოცნებას“ მიგვაჩნია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არის ფუნდამენტური, უმნიშვნელოვანესი როლის მქონე დემოკრატიული ინსტიტუტი ქვეყანაში და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევისთვის აუცილებელია კონსულტაციების გაგრძელება, სიღრმისეული მსჯელობა იმისთვის, რომ შევარჩიოთ სწორი კანდიდატი, – განაცხდა გაბუნიამ.
მისივე თქმით, „კანდიდატურა არის არა ერთი და თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა“.
– არასამთავრობო სექტორის კანდიდატურებთან ერთად დასახელებული და განხილული იქნა სხვა კანდიდატურებიც, თუმცა სახელებს და გვარებს ვერ დაგისახელებთ, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობოებისა და დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინო ლომჯარიას უჭერს. სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლოა ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დააყენოს.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები განიხილება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
იმედინიუსი

