დავით ბერძენიშვილი – “კალაძეს ივანიშვილმა უფროსად კაგებეშნიკი გიგა ნიკოლეიშვილი დაუნიშნა”

დავით ბერძენიშვილი - "კალაძეს ივანიშვილმა უფროსად კაგებეშნიკი გიგა ნიკოლეიშვილი დაუნიშნა"– კახა კალაძეს უთხრეს, შენი უფროსი სინამდვილეში თბილისის მერიაში იქნება შენი ის მოადგილე, რომელიც საბჭოთა კავშირის ”კაგებეში” მუშაობდაო – გიგა ნიკოლეიშვილი, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ერთპარტიული ხელისუფლებაა და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

– შევარდნაძე მოდის 1992-ში, იწყებს თანამშრომლობას პოლიტიკურ ჯგუფებთან. მერე ძლიერდება, ქმნის ”მოქალაქეთა კავშირს” და ერთი პარტიით მართავს და ირყვნება ხელისუფლება. შემდეგ, მისივე წიაღიდან გამოჩნდება რამდენიმე კონკურენტუნარიანი ადამიანი, სააკაშვილი მოუგებს სხვებს, დაუკავშირდება სხვა ტრადიციულ ოპოზიციურ პარტიებს. იწყებს ასევე კოალიციურად, პირველ ხანებში პოზიტიურად, მერე 7 ნოემბრამდე მიდის. ივანიშვილი დაგვიკავშირდა ”რესპუბლიკურ პარტიას” და ”თავისუფალ დემოკრატებს” – ორი მთავარი მტერი ახლა მისთვის ეს პარტიებია. მას აქვს ახლა ერთპარტიული ხელისუფლება, სრული კონტროლი, ესაა შპს, სადაც 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, კახა კალაძის უფროსი მერიაში მისი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილია.

– ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ეჭვიანია და კახა კალაძეს რომ არ მოუნდეს იგივე, რაც მიხეილ სააკაშვილს მოუნდა მისი გამზრდელი შევარდნაძის მიმართ და ყოველი შემთხვევისთვის მანაც რომ იცოდეს ვისი გორის არის, ვისი გორის ხარო უთხრეს კალაძეს და შენი უფროსი სინამდვილეში თბილისის მერიაში იქნება შენი ის მოადგილე, რომელიც საბჭოთა კავშირის „კაგებეში“ მუშაობდა – ნიკოლეიშვილი. კალაძეს დღეს ეს სულ არ უნდა, მე მას ფარულ ოპოზიციონერობას კი არ ვაბრალებ, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ინტერპრესნიუსი