დავით ოქიტაშვილი – „ფეხმძიმე შვილს გეფიცებით, რომ მერიაში თანამდებობის შემოთავაზება არ ყოფილა”

დავით ოქიტაშვილი - „ფეხმძიმე შვილს გეფიცებით, რომ მერიაში თანამდებობის შემოთავაზება არ ყოფილა"კახა კალაძემ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად ტელეკომპანია „იბერიას“, „იმედისა“ და „მზის“ ყოფილი ჟურნალისტი სოფიო ხუნწარია დაასახელა.

– თქვენი სამსახური უნდა იყოს მობილური და ეფექტური და საზოგადოებამ უნდა დაინახოს ამ მუშაობის შედეგი,- მიმართა მერმა ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებად წარდგენილ კანდიდატებს.

გუშინდლამდე საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მუსირებდა აზრი, რომ კალაძეს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად დათო ოქიტაშვილი უნდა დაესახელებინა. ამბობენ იმასაც, რომ კულტურის პალატის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გარანტიები მაშინ მიიღო, როცა პროფკავშირის თავმჯდომარის კანდიდატობიდან კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა. ამას გარდა, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თავის დროზე ოქიტაშვილს კულტურის სამსახუყრის უფროსობას ყოფილი მერი, დავით ნარმანიაც პირდებოდა, თუმცა საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე მაშინ ია მაქაცარია დაინიშნა. ასევე, კულუარული ინფორმაციით, მაქაცარია იყო ერთ-ერთი იმათგანი, რომელმაც კალაძის ცოლისძმის „უდიპლომობის სკანდალი“ „გახეთქა“.

“ნიუპოსტი” დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა. კულტურის პალატის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მსგავსი შეთავაზება არასდროს ყოფილა და რომც ყოფილიყო, არ დასთანხმდებოდა, რადგან „კალიასავით ერთი ადგილიდან მეორეზე გადახტომა” არ უყვას.

– პირველად მესმის ასეთი ინფორმაცია… ფეხმძიმე შვილს გეფიცები. თუნდაც ყოფილიყო, მე მაქვს კულტურის პალატა, სადაც ძალიან დიდი პროექტები მაქვს დაწყებული. დავიფიცე ჩემი შვილი, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. სოფო ჩემი მეგობარია და მინდა, წარმატებები ვუსურვო. სოფომ იცის, რა არის ქართული კულტურა და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ფასი. თანამდებობა არ არის მთავარი, მთავარია, იცოდე იმ ადამიანის ფასი, რომელიც ამ სტრუქტურაში მუშაობენ.

კულტურაში არიან ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებსაც დაფასება უნდათ. ნამდვილად არ მოვიტყუებ, ლაპარაკიც კი არ ყოფილა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა. არ მიყვარს ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ხტომა, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

ნიუპოსტი