– „ქართული მარშის“ ტიპის ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში ყოველთვის უშიშროებისგან კონტროლდებოდა. თუმცა, ამ ხელისუფლებამ მათ მიმართ გაცილებით მეტი გასცა და ათასი ჯურის მოფაშისტო და პოსტსაბჭოთა გაურკვევლობაში ჩარჩენილ რეტროგრადს გაცილებით დიდი მოლოდინები შეუქმნა, ვიდრე ყველა წინა ხელისუფლებებმა ერთად აღებულმა. მოლოდინები, რომელიც არ თუ ვერ შეუსრულა და ამ ხალხმაც თავი იგრძნო “გადაგდებულად”. ეს ცხადლივ გამოჩნდა თვითმმართველობის არჩევნების დროს, როცა ამდენი სადეპუტატო თუ სამერიო-საგამგეობო სამუშაო ადგილის პერსპექტივაა და ბრეგაძე-კორკოტა-მელორვაჩნაძეების ადგილი იქ არ აღმოჩნდა. მარტო სოფო ბედიას ქმრის საკრებულოს სიაში ჩაწერა, ცხადია, ამ სეგმენტს ვერ დააკმაყოფილებდა.
აქედან გამომდინარე, მათი ბოლოდროინდელი გააქტიურება, ფეხბურთის ფედერაციასთან და ტელევიზიასთან მივარდნები, დედის გინებები და ქათმების სროლა უფრო მიტოვებული პროტეჟეს გაავებული რეაქცია და პატრონის მიმართ “თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე” ტიპის მესიჯია. ანუ რძალო (ლგბტ, ლიბერასტები, რ2) შენ გეუბნები, მულო (ხელისუფლება, სუსი, ბატონი ბიძინა) შენ გაიგონეო.
ყველაფერი კი დამთავრდება იმით, რომ ან ეს განწირულის სულისკვეთება უკვალოდ არ ჩაივლის და მარშელებს რაღაც ძვალს მაინც გადაუგდებენ „ოცნების“ ნასუფრალიდან, ან ამ, უკვე ოდიოზურობამდე სახელგატეხილ სასტავს საბოლოოდ ჩამოწერენ და მათ ნაცვლად ვინმე ახალ პერსონებს წამოწევენ ეროვნული ფაშიზმის სახეებად.
ასე მგონია მე. მგონია კი არა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, – აცხადებს რესპიუბლიკელი დავით ზურაბიშვილი.
გურიის მოამბე

