გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესი იქნება, თუ ინტერპრეტაციებისა და სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებისგან თავის შეკავება მოხდება.
– პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებული ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის დაღუპვის გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს და სუს-ის თითოეულ თანამშრომელს. ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ, ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ გვახსოვდეს და გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რაც შეეხება გამოძიებას, ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიების დრო, არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპი, რომელიც აუცილებალია, კონკრეტულ მსჯელობისგან უმჯობესია, თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნიუპოსტი

