სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მომხდარს კვალიფიკაციას პროკურატურა მიანიჭებს.
განცხადება გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც ძალოვანი უწყებების დაჭრილი თანამშრომლები მოინახულა.
– დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები. თითქმის 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია მაინცდამაინც დღეს, საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის ხელმძღვანელმა უპასუხა: ”ეს ძალიან სპეციფიური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ. არ შეგვიძლია”.
– დანაშაულებრივ ქმედებაზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. ის ადამიანი ცნობილია, ვისგანაც ჰქონდა ბინა ნაქირავები. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ამას პროკურატურა იტყვის, – აღნიშნა გომელაურმა.
ინტერპრესნიუსი

