გორში ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს. მას შემდეგ რაც გორმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა და ორი მუნიციპალიტეტი გაერთიანდა, გამგეობის და მერიის თანამშრომლებს უფლებამოსილება შუწყდათ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციაც ჩაიბარეს.
სამსახურის მიღმა დარჩენილ საჯარო მოხელეებს ახლა სამუშაო ოთახებიდან პირადი ნივთები გააქვთ და იმედი აქვთ, რომ ახლად შექმნილ უწყებაში მუშაობას მოგვიანებით გაგრძელებენ, რადგან, მათ არჩევნებამდე ათი დღით ადრე გასაუბრება გაიარეს და დადებითი შეფასებაც მიიღეს.
იურისტები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ლიკვიდაცია და შემდეგ შერწყმა, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ არის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ყველა საჯარო მოხელესთვის დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იუერისტი კი მთავრობის დადგენილებას იშველიებს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანებისთვის უფლებამოსილება ერთბაშად არ უნდა შეეწყვიტათ.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ქალაქის ახალი მერი ამ დრომდე არ ასახელებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტში იმუშავებს. ამ დროისთვის მხოლოდ კოტე თავზარაშვილის მოადგილეების ვინაობაა ცნობილი. ქალაქის მერს სამი მოადგილე ეყოლება, გელა კაპანაძე, ალექსი მარიამიძე და ეკა სუიშვილი.
გორში სიახლეა ისიც, რომ საკრებულო და მერია სხვადასხვა შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, რაც, ოპოზიციის მტკიცებით, ადმინისტრაციულ ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ნიუპოსტი

