ირაკლი კობახიძე – ”სამწუხარო მოვლენაა, რომ 20-მდე პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე”

ირაკლი კობახიძე -  ”სამწუხარო მოვლენაა, რომ 20-მდე პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე”საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებით პარტიების დაფინანსების საკითხი რეფორმირებას საჭიროებს, ირაკლი კობახიძემ სამწუხარო მოვლენა უწოდა იმ ფაქტს რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაფინანსებას 20-მდე პარტია იღებს.

– მე არაერთხელ გამიკრიტიკებია და სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, – განაცხადა კობახიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს და შესაბამისად დაფინანსებას , სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. პარტიები რომლებიც კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავენ არიან “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. კვალიფიციური სუბიექტები გახდნენ “ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.

ასევე საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩებიან: “ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ , “თავისუფალი დემოკრატები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ევროპული საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, “თავისუფალი საქართველო“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“.

ნიუპოსტი