ირაკლი კობახიძე – “შს მინისტრ მღებრიშვილთან კითხვები უმრავლესობასაც გვაქვს”

ირაკლი კობახიძე - "შს მინისტრ მღებრიშვილთან კითხვები უმრავლესობასაც გვაქვს"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან მიმართებით კითხვები ოპოზიციის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს.
როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რეაგირება მინისტრ მღებრიშვილის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

– გიორგი მღებრიშვილთან კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ასევე უმრავლესობას. შს მინისტრთან კითხვები დაისმება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შს მინისტრის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სამინისტროსთან შედგა შეთანხმება მინისტრის პარლამენტში მოსვლის შესახებ. გიორგი მღებრიშვილს კომიტეტი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მოუსმენს.

ინტერპრესნიუსი