კალაძე – “ნარმანიას ბიუჯეტს უკან გამოვითხოვთ”

კალაძე - "ნარმანიას ბიუჯეტს უკან გამოვითხოვთ"თბილისის ახალი მერი დავით ნარმანიას მიერ თბილისის საკრებულოსთვის წარდგენილ ბიუჯეტს უკან გამოითხოვს, რადგან როგორც კალაძე ამბობს მასში არ არის გათვალისწინებული ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დედაქალაქის ახალი მთავრობა გეგმავს.

– ბიუჯეტს რა თქმა უნდა, უნდა გამოვითხოვოთ აუცილებლად იმიტომ, რომ დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი. მასში არ არის გათვალისწინებული ჩვენი პრიორიტეტები. შესაბამისად მოგვიწევს მუშაობა, გამოვითხოვთ და შემდეგ დაუბრუნდება საკრებულოს ჩვენს მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომელიც იქნება გათვალისწინებული მომავალი წლისთვის, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ თბილისის მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი არ პასუხობს იმ პრობლემებს, რაც აქვთ თბილისელებს.

– თბილისის საკრებულოში შემოვიდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 11 მილიონი ლარით არის შემცირებული წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქს კიდევ უფრო ნაკლები თანხა ექნება იმისათვის, რომ მოაგვაროს პარკინგების პრობლემა, საცობების პრობლემა, ავარიული კორპუსების პრობლემა,-აცხადებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ნიუპოსტი