შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელი, გიორგი როყვა გაუჩინარდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში განუცხადეს, ”გაუჩინარება არ დასტურდება”.
გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენელს 10 საათზე მეტია ვერ პოულობენ. კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში, გიორგი როყვა დღეს გამთენიისას გაუჩინარდა, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და დაკავშირებას ოჯახის წევრებიც ვერ ახერხებენ.
– ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც შეეხება გიორგი როყვას, ჩემს მეგობარს, რომელიც გუშინ სამ საათამდე იყო ჩემი აქტიური მხარდამჭერი. უნდა ყოფილიყო სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი. რომელიც სამი საათიდან ოთხ საათამდე იქნა დაშინებული, რომლისაც არა ერთი ფაქტი მაქვს მის მიერ გამოგზავნილი შეტყობინებით და სატელეფონო საუბრით დამტკიცებული. ამ ფაქტის შემდეგ ეს ადამიანი გაქრა, – განაცხადა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ.
აღნიშნულში ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებენ.
თავად ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლები გიორგი როყვას მიმართ მუქარასა და შანტაჟს გამორიცხავენ და მომხდარის გამოძიებას სამართალდამცავ უწყებას ანდობენ. სიორიძის შტაბში აცხადებენ, რომ მუქარის შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაციაა, რომელსაც კონკურენტი შეგნებულად ავრცელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით კი გიორგი როყვა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

