სასულიერო პირი გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე წერს:
– ორიოდე სიტყვა მინდა დავწერო იმ ისტერიაზე, რაც ბერი ნიკოლოზის და მისი მრევლის გარშემოა ატეხილი. ეს პროცესი სიმპტომატურია და მხოლოდ ამ კერძო შემთხვევით არ შემოიფარგლება. ზოგადად რელიგიური ფონია უაღრესად არა ჯანსაღი, ისტერიული და ფანატიკურად ძალადობრივი.
ნიკოლოზზე ვწერ, რადგან პირადად ვიცნობ მას და გული შემტკივა ამ ადამიანზე, რომელიც ნამდვილად წრფელი ინტერესით და სრულიად უანგაროდ მოვიდა ეკლესიაში. თავიდანვე ვიტყვი, რომ ის სისტემის მსხვერპლია, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა ტრაგიკულ ცხოვრებასა და აღსასრულს პირადად მოვესწარი. მე მას სასულიერო აკადემიაში შევხვდი და ერთი წელი ერთ ჯგუფში ვიყავით. მოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ცხადია არანაირი დაწყებითი საეკლესიო განათლება არ ჰქონდა, როგორც სტუდენტთა უმრავლესობას, წარმოდგენები კი უკიდურესად არეულ-დარეული, რადგან ეს იყო ერთგვარი სინთეზი აღმოსავლური კულტებისა, სხვადასხვა მოდური თეოსოფიური და ფილოსოფიური სისტემებისა, ამ ყველაფერს კი დამატებული საკუთარი თვალთახედით მოგონილი ერთგვარი ”ვარდისფერი ქრისტიანობა”. მოკლედ სრული აჯაფსანდალი. მალევე მან გაიცნო ბერი გაბრიელი, რომელმაც მას ”დიდი ბერობა” უწინასწარმეტყველა, და დაიწყო… აქედან უკვე ამ ისტორიაში დღევანდელი ტრაგედიის მთავარი დამნაშავე – საპატრიარქო ერთვება, რომელსაც მაშინაც და ახლაც სრულიად ანტიქრისტიანული და ანტიადამიანური საკადრო – სამონასტრო პოლიტიკა აქვს. ეს საკადრო ”ვერბოვკა” მხოლოდ რაოდენობაზეა გათვლილი, აქ ხარისხს – ანუ მომავალი ბერ-მონაზვნების მოტივაციას, თეორიულ მომზადებას, რაიმე პრაქტიკულ ჩვევებს, მონასტრებში ცხოვრების და მორჩილების გამოცდილებას არავინ კითხულობს და არც არავის აინტერესებს. მთავარია, ერთი ფეხი წაგიცდეს და შეიძლება ორიოდ თვეში სადმე დიდი ლავრის არქიმანდრიტად ან იღუმენიად ამოყო თავი.
ასე, მოხდა ნიკოლოზის შემთხვევაშიც. ადამიანი, რომელსაც ქრისტიანობის შესახებ, რბილად რომ ითქვას, უაღრესად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა და არც არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არათუ სამონასტრო, უბრალო სამრევლო საეკლესიო ცხოვრებისა უეცრად ბერი და მალევე სვეტიცხოვლის წინამძღვარი ხდება. ამას კი ის ემატება, რომ მას პატრიარქის მდივნის მოვალეობასაც უთავსებენ. არ ვიცი კონკრეტულად რაზე დაბრკოლდა ნიკოლოზი საპატრიარქოში, მას შემდეგ რაც მის საქმიანობაში ჩახედვის უფლება მიეცა( მის პატიოსნებაში და უანგარობაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება), მაგრამ ის საპატრიარქოდან მალევე მიდის, უარს ამბობს მღვდელმსახურებაზე და სახლში განმარტოვდება. ამის შემდეგ მე მას რამდენჯერმე შევხვდი, მისი შეხედულებები ბუნებრივია კვლავაც უცნაური იყო. მოკლედ იგი სრულიად მარტო დარჩა, თუმცა ძველებური შემართებით და თამამი ექსპერიმენტებით, რაც უაღრესად სარისკო და სახიფათოა სულიერ ცხოვრებაში, მითუმეტეს როდესაც ადამიანი თვითნასწავლია, ანუ არ გააჩნია არანაირი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და არც გამოცდილი სულიერი მოძღვარი არ ყავს. ასეთ შემთხვააში სამწუხაროდ დემონი დომინირებს, რომელიც ყველანაირად ცდილობს საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა შეუქმნას ადამიანს, განუმეორებელი მისია ააღებინოს საკუთარ თავზე და ა.შ. კონკრეტული შედეგიც სახეზეა…
ვიმეორებ, რომ ეს პროცესი უაღრესად სიმპტომატურია და ზუსტად ასახავს ჩვენი დროის კვაზირელიგიურობას. მთავარი დამნაშავე კი ის ინსტიტუციაა, რომელიც ამ ყველაფერის უკან დგას და პოლიტიკის რანგში აქვს აყვანილი ამგვარი უმეცარი და სასტიკი დაუნდობლობა კონკრეტული ადამიანების მიმართ, რასაც შედეგად ტრაგიკულად დამსხვრეული ცხოვრება, ფსიქიური აშლილობა და სრული აპათია მოჰყვება, როგორც წესი.“
Mediamall.ge

