ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სააგენტო „რესი“ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მსჯავრდებულ გიორგი გიუნაშვილის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე მოხდა.
„გიუნაშვილი, რომელიც სასჯელს „დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით“ სამხრეთ ოსეთში იხდიდა, სახელმწიფოს მეთაურის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით შეიწყალეს და გადაეცა აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ზურაბ ლაკერბაიას, რომელმაც, თავის მხრივ, დივერსანტი ქართულ მხარეს გადასცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოს ინფორმაციით, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, მოცემული პროცედურა წარმოადგენს „სამხრეთოსური მხარის კეთილ ნებასა და პრეზიდენტის ჰუმანურობას“.
– მსჯავრდებულის გადაცემა აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასადმი გამოვლენილი პატივისცემაა, რომელმაც ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის, – განაცხადა ჯიოევმა.
მისი აზრით, მსჯავრდებულის შეწყალება და გადაცემა არის აქცია, რომელიც ადასტურებს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სწრაფვას კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ, მათ შორის, საქართველოსთან.
– ვიმედოვნებთ, რომ ეს შეფასდება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, – განაცხადა ჯიოევმა.
ინტერპრესნიუსი

