ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აღნიშნულის მიზეზი გახდა ის, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნის შემდეგ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღეს მე-16 საკითხი, რომელიც მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურის დამტკიცებას ითვალისწინებს.
სხდომაზე, სადაც თბილისის მერიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება უნდა მოხდეს, საკითხების განხილვის დაწყებამდე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სხდომაზე ითხოვა, საკითხების ნუსხიდან ამოეღოთ მე-16 საკითხი.
ირაკლი ნადირაძის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რიგგარეშე სხდომაა და რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს.
აღნიშნულმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის პროტესტი გამოიწვია.
ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქციის წევრები კახა კალაძის მთავრობის გუნდის საზეიმო დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რის შემდეგაც მათ სხდომა დატოვეს.
ინტერპრესნიუსი

