ოთო კახიძე – დღეს სტრასბურგი გადაწყვეტილებას გამოიტანს მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც სექციის დონეზე მერაბიშვილს მოგებული აქვს

რამდენიმე წუთის წინ ოთო კახიძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:

“დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა სტრასბურგში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რომლის დარღვევაც მე-5 მუხლთან ერთად ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან განმცხადებლის პოლიტიკური მიზნით პატიმრობას.

მერაბიშვილმა გასული წლის ივნისში სასამართლოს სექციის დონეზე მოიგო ეს საქმე, მაგრამ მთავრობამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა დიდ პალატაში.

სექციის დონეზე აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები (სულ 6 სასამართლოს ისტორიაში) შეეხებათ ისეთ ცნობილ პოლიტიკურ პატიმრებს, როგორებიც არიან მაგალითად იულია ტიმოშენკო (უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა ოპოზიციის ლიდერი) და იური ლუცენკო (ყოფილი შს მინისტრი და ახლა გენერალური პროკურორი). ისინი იანუკოვიჩმა ჩასვა ციხეში, პატიმრობის რეალური მიზეზი პოლიტიკური მოტივაცია იყო.

სტრასბურგის დიდ პალატას ჯერ არ უმსჯელია მე-18 მუხლის შესახებ, მერაბიშვილის საქმე ამ მხრივ პირველი იქნება.

გადაწყვეტილება გამოცხადდება თბილისის დროით დღის სამის ნახევარზე.”