მომღერალმა ნინო ჩხეიძემ პირის გემო 25 წლის ასაკიდან დაიბრუნა. მოზარდობიდან მოყოლებული სულ დიეტებზე იყო. ერთ დღესაც საკუთარ თავს უთხრა: “ჭამე ყველაფერი, მაგრამ მცირე ულუფა”.
მას შემდეგ მისთვის აკრძალული კერძები აღარ არსებობს. ხშირად – არა, მაგრამ სამზარეულოში თავადაც ტრიალებს. ჟურნალ “სარკეს” მან თავისი კულინარიული რეცეპტები გაანდო.
– გათხოვების შემდეგ პირველად რა მოამზადეთ?
– ტკბილი ფლავი ქიშმიშით, სხვადასხვა ჩირით, თხილითა და ნუშით. ჩემი საფირმო კერძი იყო, ყველას მოსწონდა და დღესაც მოსწონთ.
ახალი გათხოვილი ვიყავი, როცა თურქეთში ვისწავლე სალათი, რომელიც ძალიან მარტივად კეთდება. სოსისი უნდა შეწვათ, ბლომად მოაყაროთ დაჭრილი მჟავე კიტრი და ბოლოს მაიონეზი მოასხათ. კარგი საუზმეა, ყოველ შემთხვევაში, ჩემს ქმარს მოსწონდა. ეს იყო 10 წლის წინ.
ვერ ვიტყვი, რომ კარგი მზარეული ვარ, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ ჩემნაირ ფლავს ვერავინ აკეთებს.
– თქვენი საფირმო ფლავის საიდუმლო რომელ ინგრედიენტშია?
– გრძელ ბრინჯში, რომელსაც მარილიან წყალში ვხარშავ, შემდეგ ვწურავ და ჩაის ტილოზე ვაშრობ. სეზონზე რა ხილიც არის, იმას ვუკეთებ. ასევე საჭიროა 100 გრამი მოხალული თხილი, ცოტ-ცოტა ყველანაირი ჩირი. ვაშლს სულ ბოლოს ვუშვრები, რომ წყლად არ წავიდეს. ბანანიც ბოლოს უნდა უქნა, რომ არ გაშავდეს.
ქვაბში ფენა-ფენა დაალაგებთ ბრინჯს და ინგრედიენტებს, აუცილებელია კარაქი თვალის ზომით, 1 შეკვრა ვანილი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. ძალიან ცოტა წყალს დაასხამთ და ცეცხლზე დადგამთ, ოღონდ ხილი ძალიან არ უნდა მოთუთქოთ.
– გურმანი ხართ?
– გაგიკვირდებათ და, 25 წლამდე არ ვიცოდი, რა იყო ჭამა და გემო, სულ დიეტაზე ვიყავი. შესაბამისად, საჭმელების გემოები დამავიწყდა. 25 წლის მერე ნელ-ნელა დავიწყე გასინჯვა, ახლა კი ბევრ კაცზე მეტად გურმანი ვარ.
შემიძლია დიეტებზე სამეცნიერო ხარისხიც დავიცვა, რადგან ყველანაირი მაქვს ნაცადი, მაგრამ მერე ჩემს თავს ვუთხარი: “გიყვარს მაკარონი? ჭამე მცირე ულუფა”.
ახლა საკუთარ თავს არანაირ საჭმელს ვუკრძალავ. როცა მონოდიეტებს ვიცავდი, უფრო ვსუქდებოდი. ორგანიზმს 5 დღე რომ ვაშიმშილებდი, მერე ყველაფერი მერგებოდა, მათ შორის – წყალიც. ყველას ვურჩევ, რომ მონოდიეტა არ გააკეთონ. ახლა მე და საჭმელები დავმეგობრდით, ერთმანეთს ჯიბრში აღარ ვუდგავართ. ყოველდღე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვჭამ პიცას, მაკარონს.
– სახელდახელოდ მოსამზადებელი კერძები გეცოდინებათ. რეცეპტებს ჩაგვაწერინებთ?
– აიღეთ შავი პურის მოზრდილი ნაჭერი და გული ამოჭერით. შემდეგ გათქვიფეთ 1 კვერცხი, დაჭერით ცოტა ბულგარული წიწაკა, სოსისი ან ძეხვი და ყველაფერი ჩაყარეთ კვერცხში.
ამასობაში ტაფაზე მოასხამთ ზეთს, დადებთ პურის ქერქს, ჩაასხამთ ათქვეფილ კვერცხს სხვა ინგრედიენტებთან ერთად და შეწვავთ ერთ მხარეს. შემდეგ დაადებთ პურის ამოჭრილ გულს, გადმოატრიალებთ მეორე მხარეს და შეწვავთ. გამოდის სწრაფი პიცა, რომელიც უგემრიელესია. მის მომზადებას 5 წუთი სჭირდება. საუზმეზე რომ ვჭამ, 4 საათამდე არ მშივდება, რადგან ძალიან ყუათიანია.
– მეუღლეს რა კერძებით აოცებთ?
– გამოგიტყდებით და, გიორგი ჩემი მომზადებული სადილით არასდროს გამიოცებია. ის თავად არის არაჩვეულებრივი მზარეული და სირცხვილია, რომ ამ რუბრიკაში ის კი არა, მე გესაუბრებით. პრეტენზიული გემოვნება აქვს, მაგალითად, თევზს ფოლგაში აკეთებს, შიგნით ბევრ მწვანილს უშვრება. პრაქტიკულად კი არა, თეორიულადაც არ ვიცი, როგორ კეთდება ასეთი გემრიელობები.
– პრეტენზიული გემოვნება რომ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეტენზიული მჭამელია?
– არა, სულ რომ ბუტერბროდი ან “კუსტარული” პიცა მივუტანო, რომლის რეცეპტიც ჩაგაწერინეთ, შემაქებს, ძალიან გემრიელიაო და სიამოვნებით მიირთმევს.
ასევე ვაკეთებ ძალიან გემრიელ სალათს, რომლის რეცეპტსაც ჩაგაწერინებთ. იყიდეთ ყველანაირი მწვანილი (რეჰანის გარდა), გარეცხეთ და დაჭერით წვრილად. ასევე საჭიროა ბლომად მწვანე ხახვი. ისიც კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. მოხარშეთ ერთი ჭიქა გრძელი ბრინჯი, გაწურეთ და ჩაის ტილოზე გააშრეთ. დაგჭირდებათ 2 კიტრი, 2 პომიდორი, რომლებიც ძალიან წვრილად უნდა დაჭრათ.
ეს ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ, მარილი გემოვნებით მოაყარეთ და მიირთვით. უგემრიელესი სალათი გამოდის.
– ვინ გასწავლათ?
– პარიზში ვისწავლე, ერთ-ერთ ოჯახში გავსინჯე, ძალიან მომეწონა და მას შემდეგ ხშირად ვაკეთებ, თან დიეტურიც არის.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”