სანდრო ბრეგაძე – ქართული მარში უნდა დაიშალოს

სანდრო ბრეგაძე - ქართული მარში უნდა დაიშალოსქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მოძრაობა უნდა დაიშალოს. როგორც მან imedinews-ს განუცხადა, ის ამ საკითხს დააყენებს და თუ სხვები არ გაიზიარებენ ამ მოსაზრებას, ის თავად დატოვებს მარშს.

“ჩემი აზრით, საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ბოკერიას, გვარამიას, რესპუბლიკურ პარტიას და მსგავსებს, არ იმსახურებს “ქართულ მარშს“, ამიტომაც ის უნდა დაიშალოს. აზრს ვერ ვხედავ მან გააგრძელოს ფუნქციონირება. მე ამ საკითხს დავაყენებ, თუმცა ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას იზამს. თუ მარში მაინც დარჩება, მე დავტოვებ მას“, – განმარტავს სანდრო ბრეგაძე.

ქართული მარში ამ წლის ზაფხულში გამოჩნდა. მოძრაობის წევრებმა პირველად ახალციხეში დაკავებული ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს.

მას მერე, არაერთხელ გამართეს მსვლელობა. მოძრაობის მთავარი ადრესატი ბოლო ხანს ლგბტ თემი გახდა. ბოლოს აქცია 13 ნოემბერს, ქუთაისში, სტადიონზე გაიმართა, სადაც ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ქართული მარშის გამოკვეთილი ორგანიზატორი გახლდათ.