საფრანგეთში რუსი მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს

საფრანგეთში რუსი მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავესნიცაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი და მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს. საფრანგეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, კერიმოვი აეროპორტში ჯერ კიდევ 20 ნოემბრის საღამოს დააკავეს, საიდანაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო RIA.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, როგორც პარლამენტის ზედა პალატის წევრს, კერიმოვს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დევნისგან იმუნიტეტი იცავს. თუმცა როგორც ცნობილია, ბიზნესმენი საფრანგეთში პირად საქმეებზე იმყოფებოდა და არა საქმიანი ვიზიტით.

სენატორის დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სააგენტო Reuters საფრანგეთის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ კერიმოვი საგადასახადო მაქინაციების საქმეზე დააკავეს.

51 წლის სულეიმან კერიმოვი 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტანს წარმოადგენს. რუსული Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 2017 წლის მონაცემებით კერიმოვი 21-ე ადგილს იკავებს, მის ქონებას ჟურნალი 6,3 მილიარდ დოლარად აფასებს. კერიმოვების ოჯახს ეკუთვნის კომპანია „პოლიუსის“ აქციების 82,44%, ასევე მაჰაჩყალას საერთაშორისო აეროპორტი.

იმედინიუსი