საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 201 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
მისი თქმით, 4 ნოემბრიდან დღემდე დაკითხვაზე 208 ადამიანი დაიბარეს, მათგან 6 კი ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს.
საუდის არაბეთის გენერალური პროკურორის განცხადებით, 3-წლიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების შედეგად ქვეყანას დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
5 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში თერთმეტი პრინცი, ოთხი მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა, ისევე როგორც სახელები, უცნობია. მაგრამ პრესა ამტკიცებს, რომ მათ შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი ალ ვალიდ ბინ ტალალი.
არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებები კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლის ფარგლებში მოხდა, რომელსაც სათავეში უდგას ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი.
იმავე დღეს, საუდის არაბეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ კიდევ ერთი პრინცი და რამდენიმე მაღალჩინოსანი. ამ მოვლენების ფონზე, პირველად 2015 წლის შემდეგ, Brent-ის ნავთობის ფასმა, ბარელზე 62 დოლარს გადააჭარბა.

