შაქრო კალაშოვი: ”ნუ აწყობთ შოუს” – მოსკოვში კალაშოვის სასამართლო მიმდინარეობს

შაქრო კალაშოვი: ”ნუ აწყობთ შოუს” - მოსკოვში კალაშოვის სასამართლო მიმდინარეობსმოსკოვში შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გასულ კვირას ერთ-ერთ სხდომაზე ჩვენება პოლიციის ოპერმუშაკმა მისცა, რომელიც 2015-16 წლებში როჩდელის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში იყო ჩართული.

2015 წლის 14 დეკემბერს კაფე Element-ის დირექტორსა და დიზაინერს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, მოკლულ იქნა ორი ადამიანი, ხოლო ამ საქმეზე ქრთამის აღების გამო დაპატიმერბულ იქნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამშრომელი.

ოპერმუშაკმა ანდრეი ობუხოვმა ჩვენება იმ ფაქტის აღნიშვნით დაიწყო, რომ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა “შაქრო მალადოის” ერთერთი თანამზრახველი ბატირ ბეკმურადოვი, ხოლო ანდრეი კოჩიუკოვი, “იტალიანეცი”, ფინანსურ საკითხებს განაგებდა.

– მოწმე ძალიან ჩუმად საუბრობს, არაფერი გვესმის, ბადრაგის ძაღლი უფრო ხმამაღლა სუნთქავს, ვიდრე ეს, – გაისმა რეპლიკა განსასჯელთა სკამიდან.

ამის შემდეგ ობუხოვმა სასამართლოს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილები ძალიან ცოტას საუბრობდნენ ტელეფონით, მათ სხვადასხვა მესენჯერით ჰქონდათ ურთიერთობა.

მოწმის ზეპირი დაკითხვა მოწმის, ბრალდებულებისა და დამნაშავეთა ადვოკატების ურთიერთ რეპლიკებში გადაიზარდა, რის შემდეგადაც პროკურორმა მოწმის ჩვენების წაკითხვა მოითხოვა, რომელიც საქმის მასალებში იყო შეტანილი.

მოსამართლემ მისი მოთხოვნა, ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად, დააკმაყოფილა.

მოწმის ჩვენებაში ნათქვამია:

“2014 წლის დეკემბერში ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია მასზედ, რომ ჟანა კიმზე ხდება ზეწოლა, მისგან თანხის გამოძალვის მიზნით. ჩატარებული ოპერატიული მუშაობის შემდეგ დადგინდა, რომ არსებობდა შაქრო კალაშოვის ხელმძღვანელობით მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ამ დროს ესპანეთიდან ჩამოვიდა.

კალაშოვი 2015 წელს “კანონიერი ქურდების” მეთაური უნდა გამხდარიყო, რისთვისაც ის სომხეთში ჩავიდა, სადაც მისი კურთხევა უნდა მომხდარიყო, თუმცა მან შეთავაზებულ “თანამდებობაზე” უარი განაცხადა. ამასთან, მან სხვა კრიმინალურ დაჯგუფებებთან მშვიდობა დაამყარა.

კალაშოვს აქვს კონტაქტი ყველა “კანონიერ ქურდთან”, რომელიც რუსეთისა თუ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე არიან. მან შექმნა ორგანიზაცია “დამცველი”, რათა მისი დაჯგუფების წევრებს იარაღის ტარების უფლება ჰქონოდა და მისთვის ლეგალური ხასიათი მიეცა.

დაჯგუფების თითოეულ წევრს კონკრეტული დავალება და უფლებამოსილება ჰქონდა. ბეკმურადოვი უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, კოჩიუკოვი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. ედუარდ რომანოვი (“დუბელი”) სუბიექტებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

თავისი მიზნის განსახორციელებლად დაჯგუფება ხშირად იწვევდა საკუთარ რიგებში სპორტსმენებს, ყოფილ მეომრებს. თანხებს ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარის მეშვეობით სძალავდნენ.

კიმთან შეხვედრა 2015 წლის დეკემბერში მოაწყვეს, განსაკუთრებით დიდ ზეწოლას ახდენდნენ ბიზნესმენ ლევ გარამოვზე, რომელსაც ადრე დამნაშავეებმა ფული ასესხეს. მისგან დიდი ფული ამოიღეს. მას აჩვენეს ოჯახის წევრების ფოტოები და უთხრეს, რომ იცოდნენ, სად იმყოფებოდნენ ისინი. შემდეგ გარამოვს ცხვირი გაუტეხეს.”

დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატებმა, რომელთა საერთო რაოდენობა 12-ია, მოწმეს კითხვები დაუსვეს:

– საიდან იცით, რომ შაქრო კალაშოვი “კანონიერი ქურდია?” – დასვა კითხვა ერთერთმა ადვოკატმა.

– პრაიმ კრაიმიდან, – ირონიული პასუხი გასცა პოლიციელმა.

– ნუ აწყობთ შოუს! – მოულოდნელად წამოიყვირა ადგილიდან შაქრო კალაშოვმა.

– ვეთანხმები შაქრო კნიაზიევიჩს, – მხარი დაუჭირა მას მოწმემ.

სხდომა მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიციელმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები კრიმინალური დაჯგუფების წევრებს სისტემატიურად უსმენდნენ და ყველა ფაქტს სასამართლო თავად მოუსმენს.

ნიუპოსტი