ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოსთან მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული 26 წლის ყოფილი სამხედრო მოხელეა.
Daily Mail-ის ცნობით, თავდამსხმელი აშშ-ის საჰარეო ძალებიდან გააგდეს, რადგან იგი საკუთარ ცოლსა და შვილზე ძალადობდა. ასევე ცნობილია, რომ მამაკაცი ბიბლიის მასწავლებელი იყო.
დევინ პატრიკ კელიმ ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმისას, როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, მინიმუმ 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არიან 2 წლის ბავშვი, ორსული ქალი და მისი 14 წლის ქალიშვილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც კელიმ ეკლესიის დატოვება გადაწყვიტა, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა მამაკაცმა მას ცეცხლი გაუხსნა, მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა თავდამსხმელი გარდაცვლილი იპოვეს.
კელის Facebook გვერდი FBI-მ დაბლოკა, თუმცა BBC-ის ცნობით, კელი წერდა, რომ მისი გატაცება იარაღი გახდა და მან AR-15-ის ფოტოც ატვირთა წარწერით, „ეს ცუდი ნაბი..არია“
თავდამსხმელი დაქორწინებული იყო დანიელ შილდსზე, წყვილს საერთო შვილი ჰყავს. კელის სიდედრი, მიშელ შილდსი აღნიშნული ბაპტისტური ეკლესიის მრევლი იყო და პასტორის მეუღლესთან მეგობრობდა.
Facebook-ის საშუალებით ირკვევა, რომ კელი აშშ-ის საჰაერო ძალებს 2009 წელს შეუერთდა, მას შემდეგ რაც დაამთავრა ნიუ-ბრაუნფელსის საშუალო სკოლა 2009 წელს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელი სამხედრო მფრინავი იყო, თუმცა, დეტალების გავრცელებისგან თავი შეიკავა.
კელის საკუთარ ცოლსა და შვილზე თავდასხმისთვის 12-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სასამართლომ, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2014 წელს გამოვიდა.
შემდეგ კელი კინგსვილის პირველ ბაპტისტურ ეკლესიაში ბიბლიას ასწავლიდა. თავდამსხმელის კლასელები მას მოიხსენიებენ როგორც „აუტანელ“ და „გიჟ“ ადამიანად, რომელმაც უახლოეს წარსულში ათეიზმზე დაიწყო საუბარი და სოციალურ ქსელში აგრესიული კომენტარებით გამოირჩეოდა.
26 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია, მათ შორის არის ანაბელ პომეროუ, რომლის მამაც – პირველი ბაპტისტური ეკლესიი პასტორი ფრენკ პომეროი ქალაქიდან იყო მომხდარის დროს გასული.
ბრაიან ჰოლკომბი, რომელსაც პასტორი ჰყავდა თავდასხმის დღეს ჩანაცვლებული, ასევე გარდაცვლილია, თვითმხილველების განცხადებით, სწორედ ჰოლკომბი იყო პირველი მსხვერპლი. ასევე მოკლულია მისი 25 წლის ცოლი, მასწავლებელი კარლა ჰოლკომბი, მათი ქალიშვილი და ორსული რძალი.
კელიმ ასევე იმსხვერპლა 4 შვილის დედა და მისი ორი ქალიშვილი, 6 წლის ბრუკი და 8 წლის ემილი. ორი წლის რილანი კი, რომელსაც 4 ტყვია აქვს მოხვედრილი, საავადმყოფოში წევს და სიკვდილს ებრძვის.
ნიუპოსტი

