თამარ ჟვანია – ”თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება”

თამარ ჟვანია - ”თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება”ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თიანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. მისი თქმით, შემაჯამებელი ოქმი შედგენილია ისე, რომ ხმები ყუთში არსებული ბიულეტინებიდან არის დათვლილი.

– თიანეთში არჩევნები ხელმეორედ არ ჩატარდება. ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, – განმარტავს ცესკოს თავმჯდომარე.

ეს განცხადება თამარ ჟვანიამ კომისიის სხდომაზე თიანეთში ქართული ოცნების კანდიდატის საჩივრის განხილვის შემდეგ გააკეთა. ეს საჩივარი სხდომაზე 11 საკითხს შორის პირველ რიგში განიხილეს.

ლელა ქიტესაშვილმა ცესკოს, მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, გუშინ მიმართა.

მისი მტკიცებით, მიღებული ხმების 50%-ზე მეტი არცერთ კანდიდატს არ მიუღია, შესაბამისად, ბარიერი გადალახული არ არის. ლელა ქიტესაშვილი თიანეთში განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.

1 ნოემბერს თიანეთის საოლქო კომისიამ გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა.

27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.